ეს გადაწყვეტილება კვარაცხელიას ევროპაში გაიყვანს - FIFPro ფიფა-ს რუსულ კლუბებთან ლეგიონერების კონტრაქტების გაუქმებას სთავაზობს #1TVSPORT
ფიფა-ს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPro) მიმართა, რომ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ყველა ლეგიონერს რუსულ კლუბებთან კონტრაქტების ჯარიმის გადახდის გარეშე გაწყვეტის უფლება მისცეს.
„ჩვენ მოვუწოდეთ ფიფა-ს ამის გაკეთება. ეს ღონისძიება უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მალე. მზარდი კონფლიქტი გვეჩვენება იმის მიზეზად, რომ მოთამაშეებს მივცეთ საშუალება კლუბისთვის კომპენსაციის გარეშე გააუქმონ კონტრაქტი. ამჟამად ამ საკითხს ფიფასთან განვიხილავთ“, – განაცხადა Voetbal International-თან FIFPro-ს დირექტორთა საბჭოს წევრმა, ლუი ევერარდმა.
მისი თქმით, „სატრანსფერო ფანჯრის“ დახურვის მიუხედავად, გამოსავლის მოძებნა შესაძლებელია:
„ფიფა-ს ხელმძღვანელებს შეუძლიათ საგანგებო სიტუაციებში წესების კორექტირება, რაც წლის წინაც დადასტურდა. მაშინ ფიფა-მ სატრანსფერო წესები კორონავირუსთან დაკავშირებით დროებით შეცვალა. უკიდურესად შემაშფოთებელი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოთამაშეებს ქვეყნის (რუსეთის) დატოვების უფლება უნდა მიეცეთ“, – აცხადებს FIFPro-ს დირექტორთა საბჭოს წევრი.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის რუსეთის პრემიერლიგაში 133 ლეგიონერი თამაშობს. მათ შორის საკმაოდ ბევრი ქართველია – ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გია გრიგალავა, ჯიმი ტაბიძე, ლუკა გაგნიძე, ლუკა წულუკიძე, გიორგი შელია.
თუ ფიფა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ქართველი ფეხბურთელებისთვის მშვენიერი შანსი იქნება, ევროპაში რომ გადავიდნენ. განსაკუთრებით კარგი შანსი იქნება კვარაცხელიასთვის, დავითაშვილისა და გაგნიძესთვის, რომ რუსულ კლუბებს თავი დააღწიონ.
რუსეთის პრემიერლიგაში არიან სხვა ქართველებიც, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და წესის ამოქმედება მათ არ შეეხებათ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, ფიფა-მ და უეფა-მ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი სანქციები დააწესეს. ცნობილი გახდა, რომ რუსეთი მონაწილეობას ვერ მიიღებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ზამთარში ყატარში გაიმართება. ასევე ამ ქვეყნის გუნდები მოხსნეს ყველა საკლუბო საერთაშორისო ტურნირებიდან, მათ შორისაა ევროპის ლიგა, სადაც მხოლოდ მოსკოვის „სპარტაკი“ იყო შემორჩენილი. სანქციით დაზარალდა რუსეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებიც, რომელიც მონაწილეობას ვერ მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე. უეფა-მ ასევე დაადასტურა, რომ ორგანიზაცია წყვეტს სასპონსორო ხელშეკრულებას „გაზპრომთან“.