„ეს ის ცხოვრებაა, რომელიც მინდოდა“ - კილიან მბაპეს ინტერვიუ
„ეს ის ცხოვრებაა, რომელიც მინდოდა“ - კილიან მბაპეს ინტერვიუ

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, ფრანგულმა გაზეთმა „მონდმა“ (Le Monde) საფრანგეთის ნაკრების ფორვარდის, კილიან მბაპეს ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ეს ფეხბურთელი 1998 წლის დეკემბერში დაიბადა – ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრიუმფიდან ნახევარი წლის თავზე.

მბაპეს ბევრი გაუგია ზინედინ ზიდანის გუნდის ტრიუმფზე, მაგრამ არანაირად არ სურს ასოცირდებოდეს იმ ოქროს თაობასთან. ის 6 წლიდან ოცნებობდა მსოფლიოს თასზე და 19 წლის ასაკში აისრულა ეს ოცნება. თან ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი გმირი გახლდათ. მბაპე რუსეთში შეუჩერებელი და ძალიან სასარგებლო იყო – მან ოთხი გოლი გაიტანა, აქედან ორი გამარჯვებისა იყო, ერთი კი ფინალში ხორვატიას შეუგდო…

* * *

* ფეხბურთი – უფრო მეტია, ვიდრე ნარკოტიკი და უფრო მეტი, ვიდრე სპორტი. ძალიან ვარ მასზე დამოკიდებული. შეხედეთ, როგორც გავლენა აქვს მას საზოგადოებაზე. ხალხი მოდის სტადიონზე, რათა 90 წუთის განმავლობაში ყველაფერი დაივიწყოს. და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათზე, პატივი ვცეთ მათ. ეს ჩვენი მნიშვნელოვანი მისიაა – ვაიძულოთ მაყურებელი სკამიდან წამოხტეს, გავუშვათ ისინი სტადიონიდან კმაყოფილები და მეორე დღეს გაიღვიძონ ბედნიერებმა. პირადად მე, ახლაც ისეთი გრძნობა და სიხარული მაქვს თამაშისგან, როგორიც ბავშვობაში მქონდა. მილიონობით ადამიანი იზიარებს ამ გრძნობას ჩემთან ერთად.

* მსოფლიოს თასი – ჩემი ოცნება იყო. ძალიან ლამაზი თასია. ოქროსი. ოქრო კი ყველაფერზე უპირატესობას ნიშნავს. ძალიან დიდი გრძნობაა – თუნდაც ერთი წამით ეს თასი ზემოთ ასწიო და იგრძნო, რომ ყველაზე მაღლა დგახარ.

* 1998 წლის დეკემბერში დავიბადე და არ მინახავს საფრანგეთის ტრიუმფი მსოფლიოს თასზე. მაგრამ მიყვებოდნენ, რომ მთელი ქვეყანა ჭკუიდან გადავიდა.

* დიახ, საკლუბო დონეზე არსებობს ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს რაღაც უფრო დიდია, შენ მთელი ქვეყანა მხარს გიჭერს. და ამ მომენტში, ქვეყანაში უფრო ძლიერი ემოციები არ არსებობს. ყველა ფრანგის ბედნიერება შენს ხელშია, იქნება ეს მოლარე, მერი თუ პრეზიდენტი.

* არა, არ მინდა შედარება 1998 წლის “ოქროს გუნდთან”. ყოველ თაობას თავისი ისტორია აქვს. მათ თავიანთი ისტორია დაწერეს, მათ საკუთარი დიდება აქვთ მოპოვებული. მე არ მომეწონება, თუ 2026 ან 2030 წლებში ვიღაც იტყვის: “ესენი 2018 წლის მემკვიდრეები არიან”.

* ჩვენ ცოტა ვილაპარაკეთ დიდიე დეშამთან 1998 წლის ტრიუმფზე. მან თქვა, რომ საფრანგეთი მაშინ ძლიერი და შეკრული გუნდი იყო. მე არ ვიცი, იყვნენ თუ არა ისინი მეგობრები. ფეხბურთში მოგებისთვის მეგობრობა აუცილებელი არ არის, მაგრამ გუნდისთვის მსხვერპლის გაღება და კარგი ურთიერთობა აუცილებელია.

* არ გვინდა 1998 წლის საფრანგეთს ვგავდეთ, უბრალოდ, გვინდა წარმოვადგინოთ საფრანგეთი და ყველანაირი ენერგია გავიღოთ ქვეყნისთვის. როცა შენი სამშობლოსთვის ბოლომდე იხარჯები, შეიძლება ბევრი შესანიშნავი რამ მოხდეს.

* საფრანგეთმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და ამიტომაც არავინ ამბობს, რომ გუნდში ბევრი შავკანიანი მოთამაშეა. ეს არის პრობლემის თავიდან აცილების ხერხი.
არასოდეს გამიგია, რომ საფრანგეთის ნაკრებს მოეგოს ტურნირი სპორტის რომელიმე სახეობაში, ხოლო ხალხს ეთქვას: “მათ მოიგეს, მაგრამ გუნდში ბევრი შავკანიანია”.
როცა აგებთ, ეს პრობლემაა, როცა იგებთ – მხოლოდ წარმატება.

* ვეღარ ვიქნები ჩვეულებრივი ადამიანი. მაგალითად, სახლში ხარ, მოიწყინე და ნაყინის საჭმელად სასეირნოდ გამოხვედი. ასეთი რამ გამორიცხულია: დრო არ მექნება ნაყინის მისართმევად, რადგან ჩემი ნაყინის გარშემო 500 ადამიანი შეიკრიბება.
ადამიანთა უმრავლესობამ პოპულარობას მოწიფულ ასაკში მიაღწია, ჩემთვის კი ყველაფერი სკოლაში დაიწყო. არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ ამით იოლია ყოველ დღე ცხოვრება, მაგრამ ეს ის ცხოვრებაა, რომელიც მინდოდა.