ეს აღიარება ჩემთვის ბევრს ნიშნავს - კვარაცხელია არ თვლის, რომ უკვე იდეალურია
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 19 წლის თავდამსხმელი რუსეთის პრემიერლიგის დასრულებულ სეზონში „რუბინის“ წლის მოთამაშედ აღიარეს.
საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ პრიზის მიღებით სიხარულს არ მალავს.
„სასიახარულოა, გუნდი წლის მოთამაშის პრიზით გაჯილდოვებს. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი შრომა დამჭირდება, სასურველ დონეზე რომ ვითამაშო. ვფიქრობ, სეზონის ბოლო პერიოდი კარგად ჩავატარე და პრიზი ამიტომ გადმომცეს“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კვარაცხელია.
19 წლის ფეხბურთელი არც იმას მალავს, რომ ღირსეული კონკურენტი ჰყავდა: „გუნდის საუკეთესო მოთამაშეების პრიზს მეკარე იური დიუპინი უფრო იმსახურებდა. იმიტომ, რომ მთელი სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და საერთოდ, ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მე კი ჯერ ბევრი სამუშაო მაქვს“.