თუ ბითაძესა და მამუკელაშვილს ჰკითხავთ, პერიმეტრიდან თამაშის უნარის შესახებ, ორივე იტყვის, რომ ეს ქართველი მწვრთნელების დამსახურებაა, რომლებიც არ აყენებდნენ მათ მხოლოდ სამწამიანში, როცა იზრდებოდნენ.
„მახსოვს ტურნირი თურქეთში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთამაშე ვიყავი, მიუხედავად ამისა, ყველა პოზიციიდან მომქონდა ბურთი, რადგან ჩვენი მწვრთნელი ჩვენ გამთამაშებელზე გაბრაზებული იყო“, – ამბობს მამუკელაშვილი.
ახლა კი ეს ყველა უნარი გამოსადეგი იქნება, რადგან საქართველოს ნაკრები თორნიკე შენგელიას მძიმე ტრავმის შემდეგ, აღდგენას ცდილობს. ერთ-ერთი კარგი გზა ამისთვის არის სასტარტო შემადგენლობაში სამი 211 სანტიმეტრზე მაღალი მოთამაშის დაყენება – მამუკელაშვილი მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე, ბითაძე მძიმე ფორვარდის, ხოლო შერმადინი ცენტრის.
გამოცდილ ილიას ზუროსს ეს სტრატეგია შენგელიას დაკარგვამდეც შენახული ჰქონდა, მაგრამ ევრობასკეტი 2022-ის მოახლოებასთან ერთად ეს რეალური ვარიანტი ხდება.
„ვეცდებით, ვიპოვოთ გზა, რომ ვითამაშოთ სამ მაღალთან ერთად. შეგვექმნება გარკვეული პრობლემები, მაგრამ უპირატესობა გვექნება“, – განაცხადა ილიას ზუროსმა.
საქართველოს ნაკრების ზოგიერთ მოთამაშეს შენგელიას ტრავმაზე ცრემლებიც კი მოსდიოდა. ეს დანაკარგი მენტალურადაც მძიმეა და ტაქტიკურადაც, რადგან თორნიკე შენგელიას ფორვარდად ათამაშებდნენ, რომელიც ქულებს აგროვებდა.
„ის ხშირ შემთხვევაში ჩვენ შეტევას აორგანიზებდა. ახლა ჩვენ თამაშის ცვლილება გვიწევს. ვცდილობთ, გავარკვიოთ, რა იქნება ჩვენთვის უკეთესი. მხოლოდ რამდენიმე დღე გვრჩება ახალ ტაქტიკაზე სამუშაოდ“, – განაცხადა ზუროსმა.
საქართველოს ნაკრების სამ მაღალს გეგმის შესასრულებლად უნარები გააჩნიათ. 213 სანტიმეტრის გოგა ბითაძე იქნება ყველაზე მაღალი მძიმე ფორვარდი ამ ევრობასკეტზე. გოგას, რა თქმა უნდა, პარკეტზე გიორგი შერმადინის ყოფნაც ეხმარება.
„მწვრთნელი შენგელიას ტრავმამდეც მათამაშებდა ხოლმე 4 ნომერზე. შერმადინთან ერთად თამაში მარტივია. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს“, – განაცხადა ბითაძემ.
„როცა ასე ვთამაშობთ, თავს კარგად ვგრძნობ. ჩვენი კალათა დაცულია. მეტოქეებისთვის მარტივი არ არის შეტევაში მოხსნის შესრულება“, – ამბობს შერმადინი.
33 წლის ვეტერანი კალათბურთელისთვის თამაშის გარდა, შენგელიას ტრავმის შემდეგ, ნაკრების კაპიტნობაც მოუწევს. შერმადინი კიდევ ერთი დიდებული ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას ტრადიციას გააგრძელებს.
„მისგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. როდესაც ახალგაზრდა მოთამაშეები ეროვნულ ნაკრებში მოდიან, ყველანაირად ვცდილობ დავეხმარო. მათ უნდა იგრძნონ, რომ სახლში არიან“, – ამბობს შერმადინი.
ამ ცვლილებამ, შესაძლოა, ყველაზე მეტად იმოქმედოს სანდრო მამუკელაშვილზე, რომელიც „მილუოკი ბაქსში“ ცენტრის ან მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს. ხშირად ვნახავთ ხოლმე მას პიკ-ენდ-როლების დროს პერიმეტრთან.
„როცა 4 ნომერზე თამაშობ, გამოდიხარ და ბლოკებს აყენებ. როცა 3 ნომერზე ხარ პარკეტზე სივრცის შექმნა გიწევს და ბურთის მისაღებად ადგილი უნდა იპოვო. ეს ჩემთვის განსხვავებული სტილის კალათბურთია და ვცდილობ, შევეჩვიო. იმედი მაქვს, ჩემს გუნდს დავეხმარები და პოტენციალს მაქსიმალურად გამოვიყენებ“, – ამბობს მამუკელაშვილი.
ზუროსმა გარკვევით განაცხადა, რომ 3 მაღალთან ერთად გუნდს 2 გამთამაშებელი სჭირდება. მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის დრამატულ მატჩში იტალიის წინააღმდეგ მან სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ცინცაძე და თად მაკფადენი დააყენა.
„ვეცდებით, ბურთი ხშირად მოვხსნათ და მაქსიმალურად სწრაფად ვიმოძრაოთ. ჩვენ ასევე გვყავს მცველები, რომლებსაც ბურთის მოპოვება, მაღალზე პასის მიცემა და თავისუფალი სროლის შესრულება შეუძლიათ“, – განაცხადა მამუკელაშვილმა.
სამივე მაღალს ესმის, რომ ერთად სამწამიანში უდიდეს ძალას წარმოადგენენ. მასპინძლისთვის, რომელიც პირველ თამაშს ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, მიზანი იგივეა. საქართველოს ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასვლა სურს.
„ვიცით, რომ თოკოს გარეშე შემდეგ ეტაპზე გასვლა რთული იქნება. მაგრამ ეს ჩვენი საშინაო დარბაზია, შესაბამისად ეს ჩვენი მიზანი კი არა, ჩვენი ვალდებულებაა. ეს უნდა გავაკეთოთ! სწორედ ასე ვუყურებ მე ამას“, – ამბობს გოგა ბითაძე.