ერთა ლიგის ორივე შეხვედრა პირველ არხზე - საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა (ფოტოგალერეა)
ერთა ლიგის ორივე შეხვედრა პირველ არხზე - საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა (ფოტოგალერეა)

საქართველოს ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა და წლის სადებიუტო მატჩებისთვის ემზადება – ვარჯიშებში უკვე 25 ფეხბურთელი მონაწილეობს, 2 სექტემბრიდან ნაკრებს თბილისში ორჯერადი ვარჯიშები ექნება.

ესტონეთში გამგზავრებამდე ვლადიმირ ვაისმა გუნდის საწვრთნელი პროცესი თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე დაგეგმა. ტალინში კი ქართული დელეგაცია 4 სექტემბერს ჩარტერული რეისით გაემგზავრება და მატჩის მასპინძელ „ლე კოქ არენაზე“ ერთ ვარჯიშს ჩაატარებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

2020/2021 წლის უეფას ერთა ლიგის გათამაშების სადებიუტო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ესტონეთთან 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყებს. შემდეგ გუნდი თბილისში დაბრუნდება და მეორე ტურის შეხვედრას 8 სექტემბერს „დინამო არენაზე“, 20 საათზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს. ერთა ლიგის ორივე ტურის მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ესტონეთთან ბოლოს 2018 წლის მარტში ითამაშა. ეს შეხვედრა ამხანაგური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ქართველთა გამარჯვებით დასრულდა – 2:0.