პორტუგალიის ნაკრებმა ერთა ლიგის A დივიზიონის მესამე ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის ივნისში სწორედ ის უმასპინძლებს ტურნირის ფინალურ სტადიას – იტყობინება უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
უეფას აღმასრულებელ კომიტეტს, პორტუგალია ტურნირის მასპინძლად, ფორმალურად ჯერაც დასამტკიცებელი აქვს. ეს 3 დეკემბერს, დუბლინში მოხდება. სწორედ ამ დღეს გაიმართება ფინალური ტურნირის წილისყრაც.
მარტში ტურნირის ჩატარების მიმართ ინტერესი გამოთქვეს პოლონეთმა, პორტუგალიამ და იტალიამ. იმის გამო, რომ ეს გუნდები ერთ ჯგუფში მოხვდნენ, ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ ფინალურ სტადიას უმასპინძლებდა ჯგუფის გამარჯვებული. შაბათს, იტალიასა და პორტუგალიას შორის ნულოვანმა ფრემ ფერნანდო სანტუშის გუნდს პირველი ადგილი გაუნაღდა.
პორტუგალიასთან ერთად, ფინალურ ტურნირში A ლიგის სამი დანარჩენი ჯგუფის გამარჯვებულები ითამაშებენ.
პორტუგალიურმა მხარემ უეფას მატჩების სამასპინძლოდ ორი სტადიონი შესთავაზა – „დრაგაუ“ პორტუში და „აფონსუ ენრიკეში“ გიმარაეშეში. ნახევარფინალური მატჩები 5-6 ივნისს გაიმართება, ფინალი კი, რომელიც ერთა ლიგის პირველ გამარჯვებულს გამოავლენს – 9 ივნისს.