ერთა ლიგის B1 ჯგუფი | უკრაინის ნაკრებმა საქართველოსთან მატჩისთვის მზადება დაიწყო - გუნდს კაპიტანი კვლავ ვერ დაეხმარება #1TVSPORT
უკრაინის ნაკრებმა მზადება დაიწყო ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის, რომელშიც სერგეი რებროვის გუნდის მეტოქეები საქართველო და ჩეხეთი იქნებიან.
უკრაინის პრემიერლიგის ფეხბურთელები სერგეი რებროვის ხელმძღვანელობით, კიევის მატარებლით პოლონეთის ქალაქ პჟემისლში გაემგზავრნენ. დანარჩენი ფეხბურთელების ნაწილი გუნდს პოლონეთში შეუერთდა, ნაწილიც 8 ოქტომბრიდან გაემგზავრება.
უკრაინის ნაკრებისთვის ეს ორი მატჩი ერთა ლიგის B1 ჯგუფში საკვანძო იქნება და მას პირობით საშინაო სტადიონებზე, პოლონეთში გამართავს. ლურჯ-ყვითლები საქართველოს ნაკრებს პოზნანში დაუპირისპირდებიან, ვროცლავში კი – ჩეხეთს. ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინა ალბანეთთან დამარცხდა (1:2), ხოლო მეორეში – ჩეხეთთან (2:3) და ახლა თავის კვარტეტში ბოლო ადგილზეა.
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება შეიტანა. მან სარეზერვო სიიდან ჟიტომირის „პოლესიეს“ ნახევარმცველი ალექსანდრე ნაზარენკო გამოიძახა, რომელიც გოლი+პასების სისტემით უკრაინის პრემიერლიგის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშეა (10 მატჩში 7 გოლი + 4 საგოლე გადაცემა).
ალექსანდრე ნაზარენკო შეკრებაზე ნაკრების და კიევის „დინამოს“ კაპიტნის, ანდრეი იარმოლენკოს ნაცვლად გამოიძახეს, რომელიც რებროვმა ჯერ არ მიიწვია, შემდეგ ტრავმირებული მოთამაშის ნაცვლად მაინც სიაში შეიყვანა, მაგრამ ბოლოს გაირკვა, რომ იარმოლენკო გუნდს ტრავმის გამო მაინც ვერ დაეხმარებოდა.
მანამდე, ვიქტორ ციგანკოვის, ვიტალი მიკოლენკოს, ვლადიმერ ბრაჟკოსა და ალექსანდრე პიხალიონოკის ტრავმების გამო, უკრაინის ნაკრებში გამოიძახეს ანდრეი იარმოლენკო, ვიტალი ბუიალსკი, ალექსანდრე სვატოკი და ივან კალიუჟნი.