ერთა ლიგა | უნგრეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მეტოქეები შეაფასა – საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებზე ძალიან ძლიერია #1TVSPORT
უნგრეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მთავარმა მწვრთნელმა, პეტერ ბოჟიკმა ერთა ლიგაზე უნგრელთა მეტოქეების – უკრაინის, საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის შესახებ ისაუბრა.
„ერთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გველის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პირველ სამ თამაშს დაუმარცხებლად გავივლით. უკრაინა რთული მეტოქე იქნება – ეს გუნდი დაცვიდან შეტევაში სწრაფი გადასვლით ძალიან ძლიერია.
ჩრდილოეთ ირლანდია ყველაზე მარტივ მეტოქედ ჩანს, რადგან ისინი ჩამოყალიბებული, პროგნოზირებადი სტილით თამაშობენ. ვფიქრობ, ჩრდილოეთ ირლანდიაში გამარჯვება შეგვიძლია.
რაც შეეხება საქართველოს, ეს გუნდიც შესანიშნავი და კონტრშეტევებზე ძალიან საშიშია. მიუხედავად ამისა, თუ წარმატების მიღწევა გვსურს, ვალდებულები ვართ, ისინი შინ დავამარცხოთ.
ჩვენ ბურთის კონტროლს ვანიჭებთ უპირატესობას, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ბურთი არ დავკარგოთ და კონტრშეტევებისგან თავი დავიცვათ. ეს დეტალი უკრაინასა და საქართველოსთან მატჩებში, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს“, – განაცხადა ბოჟიკმა M4 Sport-თან ინტერვიუში.