ერთა ლიგა | უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT
ერთა ლიგა | უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT

11 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024/25 წლის სეზონის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინასთან გამართავს. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მდგომარეობა ერთა ლიგის B1 ჯგუფში:

 

პოზნანში ერთმანეთს განსხვავებულ სიტუაციაში მყოფი გუნდები შეხვდებიან. სერგეი რებროვის კრიზისში მყოფი, მაგრამ ნიჭიერი ნაკრები და ვილი სანიოლის აღმავლობის გზაზე დამდგარი გუნდი, რომელმაც ევრო 2024-ის შემდეგ აღმავლობას კიდევ უფრო მოუმატა.

რებროვის გუნდი ევრო 2024-ის პირველ ტურში რუმინეთთან (0:3) მტკივნეული მარცხის შემდეგ მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა. ევრო 2024-ზე ჯგუფიდან ვერ გავიდა და ერთა ლიგის ახალი სეზონი ცუდად დაიწყო, ალბანეთიდან (1:2) და ჩეხეთიდან (2:3) წააგო.

საქართველოს ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრების გული ლამაზი ფეხბურთით მოიგო. წარმატებული ტურნირის შემდეგ სანიოლის გუნდმა სვლა არ შეანელა და ერთა ლიგაზე ჩეხეთსა (4:1) და ალბანეთს (1:0) სძლია.

ორი ტურის შემდეგ B1 ჯგუფის სატურნირო ცხრილში საქართველო 6 ქულით უდანაკარგოდ ლიდერობს. უკრაინა კი უქულოდ ბოლო ადგილზეა.

„არ გაგიკვირდეთ, თუ ზოგიერთი უკრაინელი გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებს დაუჭერს მხარს. ისინი ფეხბურთს ცხელი გულით თამაშობენ. შეუძლებელია, ამან არ მოგხიბლოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენს გუნდს დიდი ხანია, მსგავსი თამაში არ უჩვენებია“, – ეს უკრაინული გამოცემა ukrfootball-ის შეფასებაა.

უკრაინას შემადგენლობის მხრივ პრობლემები აქვს

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა თამაშამდე მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში უკრაინის ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით ვერ იქნება.

ცხადია, სერგეი რებროვის გუნდს მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს, რომელთა წინააღმდეგ თამაშიც ადვილი არაა, მაგრამ რვა ფეხბურთელის არყოფნა მაინც დიდი დანაკლისია. საქართველოს ნაკრებს დანაკარგი არ აქვს და ერთა ლიგაზე სათამაშოდ ყველა ლიდერი მზადაა.

უკრაინას შემდეგი ფეხბურთელები დააკლდება: ზინჩენკო, მალინოვსკი, მიკოლენკო, ციგანკოვი, ბრაჟკო, სტეპანენკო, იარმოლენკო, პიხალენოკი და მეკარე ლუნინი. ამ მოთამაშეთა ძირითადი ნაწილი გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

მაგრამ, რებროვის განკარგულებაში ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშეა და მათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი ეძლევათ.

ქართველი გულშემატკივრები

საქართველოს ნაკრების და „კრაკოვიას“ ქართველი კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იმედოვნებს, რომ პოზნანის სტადიონი სავსე იქნება და ტრიბუნაზე ბევრ ქართველს ელის. წინასწარი ინფორმაციით, ტრიბუნაზე ხუთჯვრიანი დროშით მინიმუმ 6000 გულშემატკივარს ვიხილავთ.

ავსტრიელი მსაჯი

უკრაინა-საქართველოს მატჩის მთავარი მსაჯი 39 წლის ავსტრიელი იულიან ვაინბერგერი იქნება, რომელიც ასევე ვენის პოლიციის თანამშრომელია. ის ფიფა-ს კატეგორიის არბიტრი 2018 წლიდანაა. მას თანამემამულეები, ანდრეას ჰაიდენრაიხი და მაქსიმილიან კოლბიჩი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის მოვალეობებს კი სტეფან ებნერი შეასრულებს.