ერთა ლიგა | უკრაინის ნაკრების ყოფილი პრესმდივანი - მწვრთნელის გადაწყვეტილებას ნაკრების კაპიტანი ინტერნეტიდან არ უნდა იგებდეს #1TVSPORT
უკრაინაში დიდი რეზონანსი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა გუნდის კაპიტანი, ანდრეი იარმოლენკო საქართველოსა და ჩეხეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის არ გამოიძახა.
„იარმოლენკოს ნაკრების განაცხადს მიღმა დატოვება მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო – ის მხოლოდ სარეზერვო სიაში მოხვდა. თავიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ შესაძლოა, რაიმე სახის შეთანხმება ყოფილიყო რებროვს, იარმოლენკოსა და კიევის „დინამოს“ შორის ფეხბურთელის შეცვლაზე, რომელიც ოქტომბერში 35 წლის გახდება. როგორც ჩანს, ყველაფერი ასე კარგად არ არის. უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის არგამოძახების მიზეზი ვერც კიევის „დინამოში“ გაიგეს“, – წერს Tribuna.com.
შემადგენლობის გამოცხადებისთანავე „დინამომ“ თავის სოციალურ ქსელებში ანდრეი იარმოლენკოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და მისი ფოტო გამოაქვეყნა ეროვნული ნაკრების მაისურით, ხოლო კლუბის მედია-დირექტორმა ანდრეი შახოვმა ფოტოზე შემდეგი კომენტარი გააკეთა – „კაპიტანი. ეროვნული ნაკრების გული“. კლუბის თანადგომას იარმოლენკოც გამოეხმაურა – „მსოფლიოს საუკეთესო კლუბი“.
კომენტარი უკრაინის ნაკრების ყოფილმა პრესმდივანმა ალექსანდრე გლივინსკიმაც გააკეთა: „რამდენადაც მივხვდი, რებროვის გადაწყვეტილების შესახებ ანდრეიმ ინტერნეტიდან შეიტყო – ეს, რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო ფაქტია. უკრაინის ნაკრების ლიდერი და კაპიტანი, იმსახურებს, რომ მწვრთნელმა გადაწყვეტილება პირადად გააცნოს. ანდრეი ეროვნული ნაკრების დამსახურებული ფეხბურთელია და ასეთი გადაწყვეტილება ინტერნეტიდან არ უნდა გაეგო“.
კიევის „დინამოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა ანდრეი იარმოლენკოს, ალექსანდრე ზინჩენკოსა და სერგეი სიდორჩუკის არყოფნაში უკრაინის ნაკრების ახალი ლიდერის შესახებ ისაუბრა.
„ილია ზაბარნი თავდაჯერებულად და სტაბილურად თამაშობს, ის გუნდის მომავალია და, ვფიქრობ, მზადაა ლიდერის ფუნქციები იტვირთოს. ნაკრებში მის მიმართ ყველაზე ნაკლები პრეტენზია გვაქვს“, – განაცხადა ხაცკევიჩმა.