ერთა ლიგა | უკრაინა-საქართველოს მატჩს ავსტრიელი პოლიციელი განსჯის #1TVSPORT
ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩებზე მსაჯთა ბრიგადები დაამტკიცა, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე.
2024/2025 წლების ერთა ლიგის B1 ჯგუფური ეტაპის დაპირისპირებაზე უკრაინისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, რომელიც პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ავსტრიის მსაჯთა გუნდი იმუშავებს, – ამის შესახებ უეფა იუწყება.
მთავარი მსაჯი 39 წლის იულიან ვაინბერგერი იქნება. მას ხაზის მსაჯების როლში თანამემამულეები ანდრეას ჰაიდენრაიხი და მაქსიმილიან კოლბიჩი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის მოვალეობებს კი სტეფან ებნერი შეასრულებს.
ვაინბერგერი უკრაინელებს მიმდინარე წლის 3 ივნისს შეხვდა, თუმცა არა მოედანზე, არამედ გერმანიასთან ამხანაგურ მატჩში ვიდეორეფერების ჯგუფის ხელმძღვანელად იმუშავა. ფიფა-ს მსაჯის სტატუსი 2018 წელს მიიღო, სამოქალაქო ცხოვრებაში კი ვენაში ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა – საქართველო მატჩი 11 ოქტომბერს პოზნანში, „ენეა არენას“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.