ერთა ლიგა | საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT
16 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2024/25 სეზონის ბოლო საშინაო მატჩს ბათუმში უკრაინის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრები
ვილი სანიოლის გუნდმა წარმატებული ევრო 2024-ის შემდეგ ერთა ლიგაც კარგად დაიწყო, ჩეხეთთან (4:1) და ალბანეთთან (1:0) გამარჯვებით ქულათა მაქსიმუმი დააგროვა, თუმცა შემდეგ უკრაინასთან (0:1) და ალბანეთთან (0:1) წააგო.
საკადრო მდგომარეობას რაც შეეხება, საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება „ემპოლის“ 20 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე, ხოლო აპოელ-ის მცველი ლაშა დვალი დისკვალიფიცირებულია და ის მოედანს ჩეხეთთან გასამართი მატჩისთვის (19 ნოემბერი) დაუბრუნდება.
სანიოლის გუნდი ერთა ლიგის B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა და ლიდერს, ჩეხეთს ერთი ქულით ჩამორჩება, უკრაინა კი 4 ქულით ბოლო ადგილზეა. ბათუმში გასამართი მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის სატურნირო პოზიციის გაუმჯობესების შესანიშნავი შანსია.
უკრაინის ნაკრები
უკრაინის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდნენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც ტრავმების გამო წინა საწვრთნელი შეკრება გამოტოვეს, მაგრამ რებროვის გუნდი ბათუმში მაინც დანაკლისით გვეწვია.
უკრაინას კვლავ ვერ დაეხმარება „ჟირონას“ ნახევარმცველ ვიკტორ ციგანკოვი, რომელიც ჯერ კიდევ მკურნალობს. ასევე, ტრავმირებულია კიევის „დინამოს“ სამი ფეხბურთელი – კაპიტანი ვიტალი ბუიალსკი, მცველი ოლექსანდრ ტიმჩიკი და თავდამსხმელი ვლადისლავ ვანატი, ხოლო მადრიდის „რეალის“ მეკარე ანდრეი ლუნინი შეკრებაზე ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა.
მსაჯი
შეხვედრას ინგლისელი არბიტრი კრის კავანა მოემსახურება, მისი ასისტენტები ასევე ინგლისელები, ლი ბეტსი და ნეილ დევისი არიან, მეოთხე მსაჯი სემ ბაროტია, ხოლო VAR-ზე პასუხისმგებელი მაიკლ სალისბერი იქნება.