ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართველი გულშემატკივარი თავის საყვარელ გუნდს პირველად იხილავს – 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ფაქტები
- ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები მეოთხე სეზონს იწყებს. ამ ტურნირზე „ჯვაროსნების“ სტატისტიკა ასეთია: 11 მოგება, 6 ფრე, 1 წაგება, ბურთები 34:11.
- ერთა ლიგაზე თამაში საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონიდან დაიწყო, ახლა კი პირველად იასპარეზებს B დივიზიონში.
- საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ისტორიაში პირველად 2024 წლის ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე შეხვდა (1:1).
- ევრო 2024-ზე ჩეხეთთან ჩატარებულ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელსაც იმ მატჩში 11 მოგერიება ჰქონდა.
- ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა საკუთრ მოედანზე 16 შეხვედრა ჩაატარა, მათგან მხოლოდ ოთხში ვერ შეძლო გოლის გატანა – კოსოვოსთან (0:1), ბულგარეთთან (0:0) და ორჯერ საბერძნეთთან (0:2, 0:0). ბერძნებთან 0:0 დასრულებული შეხვედრა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალი იყო, საქართველომ პენალტების სერიაში მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.
- ჩეხეთის ნაკრებმა სტუმრად ჩატარებული ბოლო შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო ალბანეთთან (0:3), სამი მოიგო და სამი ფრედ ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ახალ სეზონში ალაბანეთი საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მეტოქეა (უკრაინასთან ერთად) – „ჯვაროსნები“ ტირანაში 10 სექტემბერს ითამაშებენ.
- 2021 წლის 9 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შინ 13 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთში დამარცხდა (2023 წლის 8 სექტემბერს ესპანეთთან 1:7). 8 მოიგო და 4 ფრედ ითამაშა. ბოლო ხუთი მატჩში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულა.
ურთიერთშეხვედრები
საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ისტორიაში ერთხელ შეხვდა – ევრო 2024-ის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა 22 ივნისს ჰამბურგში 1:1 დაასრულა.
ამ შეხვედრამ „ჯვაროსნებს“ ჯგუფიდან გასვლის იმედი შეუნარჩუნა და ეს შანსი შემდეგ პორტუგალიასთან მოგებით (2:0) გამოიყენეს. ახლა „ჯვაროსნები“ ჩეხეთის ნაკრებს ერთა ლიგაზე ეთამაშებიან (კიდევ ერთი მატჩი ნოემბერში გაიმართება) – გასულ სეზონში საქართველო B ლიგაში დაწინაურდა, ხოლო ჩეხეთი A ლიგიდან გავარდა.
ჩეხების მოტივაცია მხოლოდ გამარჯვებაა
ჩეხები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას წარუმატებლად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ამის მთავარი მიზეზი საქართველოსთან დაკარგული ქულებია. მიუხედავად იმისა, რომ დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ამ მატჩში საქართველოს ბოლო წამზე მოგების რეალური შანსი ჰქონდა.
ჩეხების აზრით, საქართველოსთან მოგების მეტი შანსი მათ აქვთ. ამის შესახებ ჩეხეთის ნაკრების კაპიტანმა, „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა, ტომას სოუჩეკმა „მიხეილ მესხი არენაზე“ საქართველოსთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩემი აზრით, მოგების უფრო დიდი შანსი ჩეხეთის ნაკრებს აქვს და იმედი მაქვს, რომ 3 ქულა ჩვენ დაგვრჩება. ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“.
საქართელოსთან ჩეხეთის ნაკრებს პრაღის „სლავიის“ შემტევი ნახევარმცველი მატეი იურაშეკი ვერ დაეხმარება, რომელიც შეკრებაზე დაშავდა. ნაკრების მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა მის ნაცვლად ვასილ კუშეი გამოიძახა – 24 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც „მლადა ბოლესლავში“ თამაშობს.
საქართველოს ნაკრების დებიუტანტები
საქართველოს ნაკრებს სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო ევრო 2024-ის შემადგენლობიდან საბა კვირკველია, ნიკა კვეკვესკირი და ლევან შენგელია დააკლდებიან, ხოლო გაბრიელ სიგუა შეკრებაზე ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა.
მათ არყოფნაში ფრანგმა სპეციალისტმა ნაკრებში სამი დებიუტანტი გამოიძახა – სერია A-ს „ემპოლიდან“ საბა გოგლიჩიძე, ალმათის „ქაირათიდან“ გამოცდილი და ძალიან საინტერესო მცველი ლუკა გადრანი და ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი, რომელიც ეროვნულ ლიგაში გამორჩეული იყო და „იბერიიდან“ ახლახანს უკრაინულ „ჩერკასში“ გადავიდა.
კაშიას სიფრთხილე
საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე გამოსვლამ თავდაჯერება შემატა, მაგრამ ჩეხეთთან თამაშამდე „ჯვაროსნების“ კაპიტანმა, გამოცდილმა გურამ კაშიამ ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა. ნაკრებში 16-წლიანი გამოცდილების შემდეგ მან კარგად იცის, რომ ფეხბურთი „ცხვირის აწევას“ არავის აპატიებს.
„ზედმეტად თავდაჯერებულები ნუ ვიქნებით, არ დავუშვათ შეცდომა და ნუ ვიფიქრებთ, რომ ადვილად მოვიგებთ. მაგალითად, მეგობრები მეუბნებიან, ჩეხეთს იოლად დავამარცხებთო. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს საქართველოს ნაკრები უკვე ტოპგუნდია – მაგრამ ასე არაა, ადვილად ვერავისთან მოვიგებთ. ახლა ისევ ისე უნდა მოვინდომოთ, როგორც ევრო 2024-ზე. ჩვენი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა, რისთვისაც ურთულესი გზის გავლა მოგვიწევს, მაგრამ ამაზე ოცნებას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ნაკრების კაპიტანმა.
მსაჯები
ჩეხებთან მატჩს ისრაელელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება – მთავარი არბიტრი ორელ გრინფელდი იქნება, რომელსაც როი ჰასანი და იდან იარკონი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯად გალ ლეიბოვიცი იმუშავებს. ისრაელიდან არიან ვიდეორეფერებიც – ცივ ადლერს ასისტენტობას ელი აჰმნონი გაუწევს.
ერთა ლიგიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის გზა
ერთა ლიგის დაარსებამ საქართველოს ნაკრებს ისტორიულ ევროპის ჩემპიონატამდე გაუკვალა გზა. ახლა შანსია, რომ ამ ტურნირით მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც მოვიპოვოთ, რომელსაც 2026 წელს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ. ეს იქნება პირველი მუნდიალი, როდესაც მსოფლიო თასისთვის 48 ნაკრები იბრძოლებს.
ევროპას მთავარ საფეხბურთო ტურნირზე 16 გუნდი წარმოადგენს. როგორ უნდა მოვხვდეთ რჩეულთა შორის? ორი გზაა – ერთი ტრადიციული შესარჩევი ეტაპი, საიდანაც 12 საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებულები მიიღებენ, ხოლო დარჩენილი ოთხის მფლობელი პლეი ოფში გაირკვევა.
12 ჯგუფის მეორეადგილოსანს პლეი ოფში დაემატება ერთა ლიგის 2024/25 სეზონის ოთხი საუკეთესო ნაკრები. გუნდები პლეი ოფის ნახევარფინალში წილისყრით დაწყვილდებიან, სადაც მასპინძელი განთესილი გუნდი გახდება. ფინალის მასპინძელი კი წილისყრით გაირკვევა. საბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონტზე ოთხი გამარჯვებული მოხვდება.
თუ ერთა ლიგის A დივიზიონის ჯგუფის გამარჯვებული მსოფლიო თასის საგზურს ტრადიციული შესარჩევი ჯგუფიდან მოიპოვებს, მას B ლიგიდან საუკეთესო გუნდი ჩაანაცვლებს – ანუ იმ ლიგიდან, სადაც ამჟამად საქართველოს ნაკრები თამაშობს.
კომენტარები
საქართველო
ვილი სანიოლი: წარმატებების შემდეგ მადა გეხსნება და კიდევ მეტის მიღწევა გსურს. ჩვენი გუნდი ამ კუთხით მოტივირებულია, რომ ზაფხულში გაწეული შრომა წარსულში არ დარჩეს. ჩეხეთი მობილური გუნდია და შედეგის მისაღწევად ბევრად უკეთესად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ევრო 2024-ზე. ფეხბურთელებმა იციან, მეტოქე როგორ თამაშობს, მისგან რას ველოდოთ. ეს ჩვენი პლუსია.
ჩეხეთი
ივან ჰაშეკი: საქართველოსთან მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ჩვენი მიზანია, ფეხბურთელები მაქსიმალურად კონცენტრირებულები იყვნენ – ასეთ შემთხვევაში შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. ქართველმა გულშემატკივარმა თვისი ძალა ევროპის ჩემპიონატზეც გამოავლინა, გამოჩნდა, როგორი ქომაგობა შეგიძლიათ. მატჩის შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, მომენტების რეალიზებას როგორ შევძლებთ და ჩემი ფეხბურთელები დავალებებს როგორ შეასრულებენ.