ერთა ლიგა | საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT
ერთა ლიგა | საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT

14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე  ტურის შეხვედრას ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.

ფაქტები

  • საქართველოს ნაკრები ალბანეთს ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ეთამაშა: 16 მატჩი, 9 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება, ბურთები 24-13.
  • ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ორი თამაში აქვს წაგებული. ამ ტურნირზე „ჯვაროსნების“ საერთო მაჩვენებელი ასეთია: 21 მატჩი, 13 მოგება, 6 ფრე, ბურთები: 39-13.
  • ალბანეთის ნაკრებს არასახარბიელო სტატისტიკა აქვს სტუმრად ჩატარებულ მატჩებში – ბოლო 13 შეხვედრაში 2 მოგება, 4 ფრე და 7 წაგება.
  • ქართველი ფეხბურთელებიდან ალბანეთს ყველაზე მეტი გოლი (6) შოთა არველაძემ გაუტანა.
1995 წლის 26 აპრილი. საქართველო-ალბანეთ 2:0. ანგარიში შოთა არველაძემ გახსნა

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ერთა ლიგის გათამაშებაში „ჯვაროსნებმა“ ალბანეთის ნაკრები ტირანაში გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები

ვილი სანიოლის გუნდმა ერთა ლიგაში საწყისი ორი მატჩი მოიგო და, უკრაინასთან წაგების მიუხედავად, 6 ქულით კვლავ ჯგუფის ლიდერია. ამდენივე ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებსაც და „ჯვაროსნებს“ პირველი ადგილის შესანარჩუნებლად ალბანეთთან მოგება სჭირდებათ.

საქართველოს ნაკრებში საკადრო პრობლემებია – თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. უკრაინასთან შეხვედრის ბოლო წუთებზე კუნთმა შეაწუხა ოთარ კიტეიშვილი, მაგრამ, ვილი სანიოლის თქმით, ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშის პრობლემა დაღლილობით იყო გამოწვეული, ახლა კი ოთარი თავს კარგად გრძნობს და, წესით, შეხვედრისთვის მზად იქნება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ალბანეთთან შეხვედრაში ტაქტიკურ ცვლილებებზე მნიშვნელოვანი თამაშის კარგად დაწყება და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის შენარჩუნება იქნება.

ამ კუთხით მნიშვნელოვანია, მოახერხებს თუ არა გუნდი ძალების სწრაფად აღდგენას, რადგან სანაკრებო პაუზის დროს გუნდები თამაშებს სამდღიანი ინტერვალით ატარებენ.

ალბანეთის ნაკრები

ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებმა საქართველოსთან მატჩამდე „მიხეილ მესხი არენაზე“ ბოლო ვარჯიში გამართა, რომლის დროსაც მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ ყურადღება ტაქტიკურ ასპექტებზე გაამახვილა, რაც, მისი აზრით, დაპირისპირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების მეტოქე ბოლო თამაშებში შეტევაში ძალიან არაეფექტურია – ბოლო ოთხიდან სამ შეხვედრაში გუნდს გოლი არ გაუტანია. ბოლო მატჩში, ჩეხებთან ამის მიზეზი საკადრო პრობლემებიც იყო. ალბანელებს ტრავმის გამო სამი წამყვანი მოთამაშე არ ჰყავთ – გუნდის კაპიტანი, იტალიური „ატალანტას“ ცენტრალური მცველი ბერატ ჯიმშიტი და ორი წამყვანი თავდამსხმელი – თურქული „სივასფორის“ შემტევი რეი მანაი და ინგლისის „ევერტონის“ მოთამაშე არმანდო ბროია.