ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში პირველი შეხვედრა ჩეხეთთან გამართა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1.
ვილი სანიოლმა იგივე შემადგენლობა დააყენა, რაც ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასა და ესპანეთთან მატჩებში შეარჩია. მთავარი კითხვა იყო, შეძლებდნენ თუ არა „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.
სტუმრები ისევ ნაცნობი ტაქტიკით, ბურთის საჯარიმოში ჩაწოდებებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას და პირველი საგოლე მომენტი მე-7 წუთზე შექნეს – პატრიკ შიკმა კარში თავით დაარტყა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა პოზიცია ზუსტად შეარჩია და გუნდი გადაარჩინა.
მე-15 წუთიდან საქართელოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა და ორი მწვავე შეტევა განავითარა. მათი დაგვირგვინება ჩაკვეტაძესა და გიორგი მიქატაძეს შეეძლოთ, მაგრამ პირველმა მეკარეს ვერ აჯობა, მეორემ კი ბურთი კარს ააცილა.
33-ე წუთზე „ჯვაროსნებმა“ ანგარიში მაინც გახსნეს – ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა – 1:0.
ტაიმის ბოლოს მიქაუტაძეს შეეძლო კვარაცხელიას წამოწყებული კონტრშეტევის დაგვირგვინება, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმი ორიოდე წუთის დაწყებული იყო, მიქაუტაძემ გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ კოვარჟმა საიმედოდ ითამაშა.
53-ე წუთზე საქართელოს ნაკრებმა მეორე გოლი გაიტანა. ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც ჩვენს გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, შეტევა კვარაცხელიას გაუგრძელა, მან კი ბურთი ჩაკვეტაძეს გააყოლა, რომელიც მეკარესთნ პირისპირ აღმოჩნდა და ზუსტად დაარტყა – 2:0.
63-ე წუთზე ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა ლუკა ლოჩოშვილმა გააგრძელა და გიორგი მიქაუტაძემ ულამაზესი გოლით დააგვირგვინა – 3:0.
სამ წუთში კი საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, გიორგი ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე პასი მიაწოდა ქოჩორაშვილს, რომელმაც ზუსტი თავური დარტყმით ჩეხების მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა – 4:0.
ჩეხებმა მე-80 წუთზე სხვაობის შემცირება ლუკაშ კალვაშის გოლით მოახერხეს, მაგრამ ეს უკვე აღარაფერს წყვეტდა.
ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან გამართული მატჩი, როგორც ჩანს, კარგად გააანალიზა და მეტოქეს, რომელიც მხოლოდ 3 ქულის მოპოვებაზე ფიქრობდა, დიდი ანგარიშით სძლია.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას ტირანაში გამართავს – „ჯვაროსნები“ ალბანეთის ნაკრებს 10 სექტემბერს ესტუმრებიან. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო წარმოგიდგენთ.