ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას შეხვდა და მიხაილო მუდრიკის გოლით 0:1 დამარცხდა.
ფაქტები
- უკრაინასთან მატჩი გურამ კაშიასთვის 120-ე იყო. მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2009 წელს, ისლანდიასთან ამხანაგურ მატჩში შედგა.
- საქართველოსა და უკრაინის ნაკრებთა მატჩი არასათანადო განათების გამო პირველ ტაიმში 8 წუთით შეჩერდა.
- უკრაინასა და საქართველოს ამ მატჩამდე 9 შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული. 3 ფრედ დასრულდა, 6 კი უკრაინელებს ჰქონდათ მოგებული. ეს ჩვენი მეტოქის მეშვიდე გამარჯვებაა.
B1 ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში, რომელსაც პოლონეთის ქალაქმა პოზნანმა უმასპინძლა, ერთმანეთს ლიდერი და აუტსაიდერი დაუპირისპირდნენ. სერგეი რებროვის გუნდმა ერთა ლიგის ახალი სეზონი ალბანეთთან (1:2) და ჩეხეთთან (2:3) მარცხით დაიწყო.
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა კი ჯერ ჩეხეთს 4:1 სძლია, ხოლო შემდეგ ალბანეთს 1:0 აჯობა და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდა.
მატჩის დასაწყისში პოზნანის სტადიონზე განათების პრობლემა შეიქმნა და შეხვედრა დროებით შეჩერდა. უკრაინელებს მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ, პირველ ნომრად თამაშობდნენ და 35-ე წუთზე მიზანს მიაღწიეს, დასარტყმელ პოზიციაზე მიხაილო მუდრიკი გავიდა და მასპინძლები დააწინაურა.
საქართველოს ნაკრებმა ამის შემდეგ აქტიურად შეუტია, რამდენიმე სახიფათო მომენტიც ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმში პირველი რეალური საგოლე მომენტი (52-ე წუთზე) გიორგი მიქაუტაძეს ჰქონდა. შორეული გადაცემის შემდეგ მცველს კარგად დაუდგა, გასცდა და კარში დაარტყა, მაგრამ ბადე მხოლოდ გარედან შეარხია. უკრაინელებმა მალე საპასუხო შეტევა განახორციელეს და მიხაილო მუდრიკის დარტყმული ბურთი გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია.
ვილი სანიოლმა მატჩის გადასარჩენად ლუკა ლოჩოშვილის ნაცვლად – უფრო შემტევი ლევან შენგელია, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილის ნაცვლად მოედანზე ზურიკო დავითაშვილი შეიყვანა. ასევე თამაშში ჩაერთო ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც გიორგი გველესიანი შეცვალა.
ჩვენი გუნდი დიდი ძალებით უტევდა, ხვიჩა კვარცხელიას და ლევან შენგელიას მომენტები უშედეგოდ დასრულდა. სამაგიეროდ, ზუსტი გამოდგა ზურიკო დავითაშვილის დარტყმა, მაგრამ ეს სიხარული წამიერი იყო – გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და მისი გოლი გაუქმდა.
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ჩეხეთმა ალბანეთი 2:0 დაამარცხა. 3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში ისევ პირველ ადგილზეა და ჩეხებს (6) დამტებითი მაჩვენებლებით ასწრებს.