ერთა ლიგა | ანდრეა მალდერა – უკრაინის ნაკრებში დისციპლინის პრობლემა არ გვაქვს #1TVSPORT

11:27, 18.09.2026

უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ ერთა ლიგის შემოდგომის მატჩებამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა – უკრაინელები 28 სექტემბერს თბილისში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მალდერამ შემადგენლობაში ცვლილებებზე და გუნდის მიზნებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ გუნდში არიან ანატოლი ტრუბინი, გეორგი ერმაკოვი და დმიტრო რიზნიკი, ხოლო ანდრეი ლუნინი სიაში ვერ მოხვდა. მალდერამ კომენტარი გააკეთა „ჩელსის“ გარემარბ მიხაილო მუდრიკზეც, რომელიც ტრავმის გამო უახლოეს მატჩებს გამოტოვებს.

„არჩევანი ძალიან ფრთხილად გავაკეთე და მრავალი დეტალი გავითვალისწინე. ვაკვირდებოდით როგორც უკრაინის ჩემპიონატში, ასევე საზღვარგარეთ გამართულ მატჩებს და ვცდილობდით, ყველა სიახლის საქმის კურსში ვყოფილიყავით. რა თქმა უნდა, გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელებიც – თუმცა, იმედია, არსებული რესურსით კარგი შედეგის მიღწევას შევძლებთ.

სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა, შესაძლოა, პრობლემა იყოს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცნობთ ტრუბინს („რეალის“ მეკარე) და გვესმის მისი მნიშვნელობა ნაკრებისთვის. რიზნიკი საკმარის დროს იღებს და კარგად ასპარეზობს, ეს ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მუდრიკი დაშავდა, მას ვესაუბრეთ, მუდმივ კავშირზე ვართ მის კლუბთანაც. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ის ნაკრებში კვლავ ითამაშებს.

რაც შეეხება თავდამსხმელებს. იარემჩუკი ცოტას თამაშობდა, მაგრამ მას ხშირად ვესაუბრებოდი, დამარწმუნა, რომ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და სათამაშო დროის სიმცირე მხოლოდ კლუბში არსებულ ვითარებას უკავშირდებოდა, ახლა ეს საკითხი მოგვარებულია და რამდენიმე წუთი უკვე ითამაშა. თუმცა, ის და დოვბიკი ოპტიმალურ ფორმაში არ არიან, ამიტომ, ჩემი გეგმების შესაბამისად, დამატებითი თავდამსხმელიც მოვიწვიეთ.

ბრენტფორდის“ ნახევარმცველ იარმოლიუკს ფეხის ქრონიკული პრობლემა აქვს და არ მინდოდა, ზედმეტი დატვირთვით მისი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დამეყენებინა – ის 100%-ით მზად არ არის და ამ ეტაპზე ამიტომ არ გამოვიძახეთ.

ნიდერლანდებში ძალიან კარგად თამაშობს „უტრეხტის“ თავდამსხმელი სტეპანოვი, მას საკმარისი სათამაშო დრო აქვს. იმედია, დაგვეხმარება, რადგან წინ ოთხი მატჩია და შანსი თითქმის ყველას მიეცემა.

გუნდში დისციპლინის პრობლემა არასდროს ყოფილა, ფეხბურთელები მზად არიან, შეასრულონ ჩემი მითითებები. თუ თავისუფალ დროს დასვენება სურთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია – მათ სრულად ვენდობი“.

ერთა ლიგაზე უკრაინა 25 სექტემბერს სტუმრად უნგრეთს ეთამაშება, 28 სექტემბერს თბილისში – საქართველოს, 2 ოქტომბერს სლოვაკეთში, ნეიტრალურ მოედანზე, ჩრდილოეთ ირლანდიას მიიღებს, ხოლო 5 ოქტომბერს ასევე სლოვაკეთში, უნგრეთს უმასპინძლებს.

მსგავსი