ერთა ლიგა | ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი პირველ არხზე - „ჯვაროსნები“ ტირანაში გამარჯვებით ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდებიან #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ტირანაში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა, რომელშიც 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა. ამიტომ ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპული იქნება – გამარჯვებული ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდება და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დიდ ნაბიჯს გადადგამს.
ალბანეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ვილი სანიოლი: „ალბანეთის ნაკრებმა, ისევე როგორც ჩვენ, ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა. ვიცით, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება და რთულ გარემოში მოგვიწევს თამაში. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ფხიზლად ითამაშონ.
ორი წლის წინ ალბანეთთან ამხანაგური მატჩი ფრედ (0:0) დავასრულეთ და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. შევეცდებით, რომ ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ისევე კონცენტრირებულად ვითამაშოთ, როგორც თბილისში ჩეხეთის ნაკრებთან მოვახერხეთ“.
ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი: „ამ ჯგუფში ყველაფერია მოსალოდნელი. უკრაინა და ჩეხეთი ძალიან ძლიერი გუნდებია, ხოლო საქართველო თუ ჯერ არ გინახავთ, ის კარგად მომზადებული, ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერი ნაკრებია. მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც ბევრი იშრომა.
საქართველოს ნაკრებს, კვარაცხელიას გარდა, უმაღლესი დონის კიდევ 4-5 შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთა გვარების გამოთქმა მიჭირს და არ დავასახელებ. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ, ამავე დროს ძალიან ტექნიკურები არიან. მათ წინააღმდეგ თამაში სასიამოვნოა. ჩვენც გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ამ დონეზე ასპარეზობას მომავალში შეძლებენ“, – განაცხადა სილვინიომ.
გიორგი მამარდაშვილი: „სტუმრად თამაში იოლი არასოდეს არის და ალბანეთთანაც რთულ შეხვედრას ველით. ვიცით, რომ თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა და ტრიბუნები სავსე იქნება. თუმცა ჩვენ წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ.
საქართველოს ნაკრების კარის მშრალად შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე. მაშინ ევროპული კარიერა ახალი დაწყებული მქონდა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. იმედია, რომ ისე ვითამაშებთ, როგორც ჩეხეთთან, გავიმარჯვებთ და ამ სტადიონიდან კარგი მოგონებები დამრჩება“.