ერთა ლიგა 2024-25 | წვიმიანი ბათუმის ქართულ-უკრაინული საფეხბურთო ემოცია #1TVSPORT
გუშინ საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან ბათუმში ფრედ, 1:1 ითამაშა. ერთად გავიაროთ და გავიხსენოთ ეს დღე „ჯვაროსნების“ გულშემატკივრებთან ერთად.
საქართველო-უკრაინის თამაშზე დასასწრებად ქომაგი მთელი საქართველოდან შეიკრიბა. თუმცა ბათუმი ჩასულ გულშემატკივარს ჩვეული, მზიანი და უღრუბლო ამინდით ვერ შეეგება. ქალაქში მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა. ცუდმა ამინდმა მაინც ვერ დაჩრდილა ქალაქის ხიბლი. ბათუმი წვიმაშიც ახერხებდა მთელი დიდებულებით ემასპინძლა ჩამოსული სტუმრებისთვის.
წვიმამ ვერც ქომაგებს შეუშალა ხელი ქუჩაში გამოსულიყვნენ და საყვარელი გუნდისთვის მხარი დაეჭირათ.
საქართველოსა და უკრაინის დროშებით მოსიარულე გულშემატკივრები ერთმანეთისადმი პატივისცემით განწყობილნი ცდილობდნენ, თამაშამდე ამაღლებული განწყობა შეექმნათ.
არენაზე გულშემატკივარი დროზე ადრე მივიდა, სტადიონი სრულ მზადყოფნაში იყო, ამ მნიშვნელოვანი თამაშისთვის.
წვიმიანი ამინდის მიუხედავად, შეხვედრა ქომაგების ნაკლებობას არ უჩიოდა. გუნდებისთვის მხარდასაჭერად მზად იყვნენ როგორც საქართველოს, ისე უკრაინის გულშემატკივრები.
თამაშის დაწყებამდე ტრადიციულად ემოციურად შესრულდა ეროვნული ჰიმნები.
მოედანზე მსაჯის სასტევინი გაისმა და თამაშიც დაიწყო. აქტიური დასაწყისის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა საკუთარ კარში სწრაფი გოლი მიიღო. გაშვებული გოლის შემდეგ სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი მეტი შემართებით ქომაგობდა ეროვნულ ნაკრებს, თითოეულ ეპიზოდსა თუ შეტევას ემოციურად ხვდებოდა.
ბომბარდირმა მიქაუტაძემ ნაკრებში ორმატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. პუბლიკა გამარჯვების მომტან გოლს ელოდა, თუმცა შეხვედრის დამატებული დროის ბოლო წუთებზე გიორგი მამარდაშვილის გმირობის წყალობით გუნდი აშკარა გოლს გადარჩა, უკრაინა კი კუთხურს დასჯერდა.
მსაჯის სასტვენის შემდეგ ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 1:1 დაფიქსირდა, რამაც ეროვნულ ნაკრებს შანსი მისცა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს.
წვიმიანი ამინდისა და დაძაბული თამაშის შემდეგ ბათუმში გვიანი შემოდგომის მზემ გამოანათა.
ბოლოს კი გიტოვებთ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელსა და ნაკრების ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას.