ერთ-ერთი უძველესი ქართული კლუბი - თბილისის „ლოკომოტივი“ 87 წლის გახდა #1TVSPORT
დღეს თბილისის „ლოკომოტივის“ დაარსების დღეა. ერთ-ერთი უძველესი ქართული კლუბი 87 წლის გახდა. ყველაფერი 1936 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
1936 წლის 14 აგვისტოს შეიქმნა რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობითი სპორტული საზოგადოება „ლოკომოტივი“, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის პერსონალი, აგრეთვე რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.
1940 წელს საზოგადოება დაქუცმაცდა რამდენიმე მონათესავე სპორტულ ცენტრად, რომლებიც 1945 წელს კვლავ გააერთიანეს. გუნდის ისტორიაში 1938 წლის სეზონი განსაკუთრებულია. ამ წელს „ლოკომოტივმა“ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში პირველად ითამაშა და თბილისის „დინამოს“ შემდეგ მეორე კლუბია, ვინც ეს მოახერხა.
„ლოკომოტივს“ უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1947-1948 და 1957-1970), მეორე (1936-1937, 1981-1982, 1984-1986 და 1988-1989) ლიგებსა და საქართველოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფში (1937, 1943, 1945, 1955-1956, 1971-1975 და 1983) უთამაშია.
„ლოკომოტივმა“ 1980-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. 1988-1989 წლებში გუნდი „ომც ლოკომოტივის“ სახელით თამაშობდა. 1990-1993 წლებში – „მერანის“, ხოლო 1993-1995 წლებში „მერანი-ბაჩოს“ სახელს ატარებდა.
1990 წლიდან თბილისური გუნდი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატების უმაღლეს (1997), პირველ (1991-1995 და 1996-1997) და მეორე (1990-1991) ლიგებში მონაწილეობდა. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში „ლოკომოტივმა“ პირველი ტიტული 1997 წელს მოიპოვა – გუნდი პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა. ეს გათამაშება „ლოკომოტივმა“ მეორედ 2013 წელს მოიგო.
2001 და 2002 წელს ლოკომოტივი ახლოს იყო ჩემპიონობასთან. ორივე შემთხვევაში კლუბმა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და, შესაბამისად, ეროვნული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
„ლოკომოტივი“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის სამგზის მფლობელია – ქვეყნის თასი 2000, 2002 და 2005 წლებში მოიპოვა. 2001 წელს კი ფინალში ქუთაისის „ტორპედოსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.