ერთ-ერთი სანდრო მამუკელაშვილია - ქართველი ხუთ ახალგაზრდა კალათბურთელს შორის, რომელთაც თვალი უნდა ვადევნოთ #1TVSPORT
ერთ-ერთი სანდრო მამუკელაშვილია - ქართველი ხუთ ახალგაზრდა კალათბურთელს შორის, რომელთაც თვალი უნდა ვადევნოთ #1TVSPORT

ცნობილი საკალათბურთო პლატფორმის, basketballnews.com-ის ანალიტიკოსმა, ნეკიას დანკანმა NBA-ს იმ გამორჩეული ხუთი ახალგაზრდა კალათბურთელის შესახებ მოამზადა სტატია, რომელთაც მედიაში ნაკლები ყურადღება ექცევათ.

ჩავიხედოთ ცხრილის ქვედა ნაწილში: ხუთი ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელთაც თვალი უნდა ვადევნოთ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ანალიტიკოსი და ამ მოთამაშეთა დადებით უნარებს გამოყოფს.

დანკანის სიაში ერთ-ერთი სანდრო მამუკელაშვილია. მიმომხილველი აღფრთოვანებულია ქართველი ფორვარდის რამდენიმე საკალათბურთო უნარით, განსაკუთრებით, პასის კულტურითა და ბურთის ტარებით.

13 ქულა, 6.8 მოხსნა, 2.9 შედეგიანი პასი, 2.8 ჩაჭრა, 1.9 დაკარგვა ბოლო რვა თამაშში.

„მომწონს, როდესაც მაღალ მოთამაშეებს პასის გაცემის უნარი განვითარებული აქვთ და შეუძლიათ მეტოქის დაცვის დაბნევა.

მამუკელაშვილს „სან ანტონიოში“ უფრო ხშირად უწევს ბურთთან ურთიერთობა. განსხვავებული სურათი იყო „მილუოკი ბაქსში“. იქ სანდროს სთხოვდნენ მაღალ დონეზე ან დაცვა ეთამაშა, ან თანაგუნდელებისთვის სივრცე გაეხსნა. ამ შემთხვევაში მას სტაბილური სათამაშო დრო მიეცემოდა. ჯერჯერობით ის საკმარის დონეზე არ არის, „მილუოკის“ შემადგენლობა კი ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ მათი გამთამაშებელი სანდრო ყოფილიყო.

დანკანი განიხილავს მამუკელაშვილის მომენტებს უკანასკნელი თამაშებიდან და აანალიზებს მის დადებით თვისებებს.

„სანდროს შეუძლია, მეტოქის ნახევარზე სწრაფი გადასვლის დროს მოძებნოს სამქულიანის მსროლელი და მას პასი მისცეს. ასევე, ის კარგად თავისუფლდება ბლოკისგან და ამ შემთხვევაშიც პერიმეტრზე ბურთი სწორად გააქვს. აქვს უნარი, ისარაგებლოს მცველის შეცდომით და სამწამიანში ბურთი დროულად ჩაიტანოს, დრიბლინგის შემდეგ მოამარაგოს თანაგუნდელი ზუსტი გადაცემით.

მამუკელაშვილს ჯერ კიდევ აქვს გარკვეული კომპონენტები დასახვეწი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მან მოედნის მეორე ბოლოში მოუმატოს. „სან ანტონიომ“ ან ნებისმიერმა სხვა გუნდმა, რომელიც სანდროსთან მუშაობას გადაწყვეტს, მის გარშემო კარგი დაცვითი სტრუქტურა უნდა ააგოს.​

ის აიზია ჰარტენშტაინს წააგავს და მის მსგავსად შეუძლია მეორე ხუთეულის ლიდერობა. კარგი პასები და ბლოკები. კიდევ უფრო ფასეული ისაა, რომ ის მაღალია, რომელსაც შეუძლია ბურთის ტარება. მეტი დრო მამუს, გთხოვთ“, – წერს დანკანი.