ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) იანვრის თვე შეაჯამა და საუკეთესო მოთამაშეები და მწვრთნელები გამოავლინა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა ფილადელფიას ცენტრი ჯოელ ემბიდი. 24 წლის კამერუნელმა საშუალოდ 29.2 ქულა, 13.8 მოხსნა და 3.8 შედეგიანი პასი დააგროვა. სიქსერზმა იანვარში 15-დან 11 მატჩი მოიგო.
დასავლეთში გამოარჩიეს ჰიუსტონის გამთამაშებელი ჯეიმს ჰარდენი. მან 43.6 ქულა, 7.6 შედეგიანი პასი და 8.7 მოხსნა მიითვალა, მისმა გუნდმა კი 15-დან ცხრა თამაშში გაიმარჯვა.
ასევე დაასახელეს თვის ახალბედები: აღმოსავლეთში ეს არის ატლანტას გამთამაშებელი ტრეი იანგი, რომლის სტატისტიკა იყო – 18.7 ქულა, 7.1 პასი და 3.6 მოხსნა, დასავლეთში – დალასის ფორვარდი ლუკა დონჩიჩი. მის ანგარიშზე იყო 22.4 ქულა, 8.1 მოხსნა და 6.4 შედეგიანი პასი.
რაც შეეხება თვის მწვრთნელს, იანვარში გამორჩეულები იყვნენ: აღმოსავლეთში მილუოკის დამრიგებელი მაიკ ბუდენჰოლცერი, დასავლეთში – გოლდენ სტეიტის მწვრთნელი სტივ კერი. მილუოკიმ გასულ თვეში 15-დან 12 მატჩი მოიგო, გოლდენ სტეიტმა 13-დან 11.