ეროვნულმა ლიგის მეოთხე წრის საუკეთესოები - ფეხბურთელებში კაპანაძე აღიარეს, მწვრთნელებში - ჭიაბრიშვილი
ეროვნული ლიგის გათამაშება დასრულდა. ცნობილია ჩემპიონატის გამარჯვებული – „საბურთალო“ და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასული კლუბები – მეორე ადგილი თბილისის „დინამომ“, მესამე კი ქუთაისის „ტორპედომ“ დაიკავა, ამ გუნდებთან ერთად ევროსარბიელზე მეოთხეადგილოსანი საჩხერის „ჩიხურაც“ იასპარეზებს.
ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „სიონი“ და „სამტრედია“ იბრძოლებენ. ფოთის „კოლხეთი“ მომდევნო სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარებს.
სეზონში ყველაზე მეტი (73) გოლი თბილისის „დინამომ“ გაიტანა, ყველაზე მეტი (81) გოლი კი „სამტრედიამ“ გაუშვა. ეროვნული ლიგის გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლიგის საუკეთესო ბომბარდირები 22-22 გატანილი გოლით ბუდუ ზივზივაძე და გიორგი გაბედავა გახდნენ.
ბოლო ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის გვერდმა მეოთხე წრის საუკეთესო მოთამაშე და მწვრთნელიც დაასახელა. ფეხბურთელად საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე აღიარეს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად „საბურთალოს“ დამრიგებელი გიორგი ჭიაბრიშვილი ცნეს, რომელმაც გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა.