ეროვნულმა ლიგამ მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად ანდრეი დემჩენკო დაასახელა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გორის „დილას“ მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო მეორე წრეში საუკეთესოდ დაასახელა.
46 წლის უკრაინელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გორის „დილამ“ მეორე წრეში მშვენიერი შედეგი და თამაში აჩვენა – 9 მატჩიდან 7 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა (23 ქულა, ბურთების სხვაობა 24:8-ზე) და 18 ტურის შემდეგ 34 ქულით მეოთხე ადგილზეა.
მეორე წრის გამორჩეული გუნდი იყო ომარ თეთრაძის „საბურთალო“, რომელსაც „დილას“ მსგავსი შედეგი ჰქონდა – 7 მოგება, 2 ფრე, 23 ქულა და ასევე ანალოგიური ბურთების სხვაობაც – 24:8-ზე.
„დილასა“ და „საბურთალოს“ უშუალო დაპირისპირება მე-13 ტურში გორში გაიმართა და 1:1 დასრულდა. სავარაუდოდ, ეროვნულმა ლიგამ დემჩენკოს უპირატესობა იმის გამო მიანიჭა, რომ „დილამ“ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერი, ბათუმის „დინამო“ სტუმრად 2:0 დაამარცხა, „საბურთალომ“ კი შინ ქულა მოიპოვა – 3:3.