ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კომისარმა ადამ სილვერმა გამოაცხადა, რომ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად, მომავალ წელს საკალათბურთო ლიგას აფრიკაში დააარსებს. ახალი ლიგის სახელწოდება იქნება – BAL (Basketball Africa League).
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას ტურნირში. გარკვეულია, რომ ერთი ქვეყანა ორზე მეტი გუნდით არ იქნება წარმოდგენილი. თითქმის დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ აფრიკულ ლიგაში ითამაშებენ კლუბები ტუნისიდან, ეგვიპტიდან, ანგოლადან, კენიიდან, ნიგერიიდან, მაროკოდან, რუანდიდან, სენეგალიდან და სამხრეთ აფრიკიდან. ვარაუდობენ, რომ პირველი სეზონი უკვე 2020 წლის იანვარში დაიწყება.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია ჩრდილოეთ ამერიკის მიღმა ტურნირის ორგანიზებით იქნება დაკავებული.