ეროვნული ლიგის სეზონი უგოლო მატჩით განახლდა - „სამგურალი“ „საბურთალოს“ დაეწია #1TVSPORT
ეროვნული ლიგის სეზონი უგოლო მატჩით განახლდა - „სამგურალი“ „საბურთალოს“ დაეწია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში სეზონი „გაგრასა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ თამაშით განახლდა, რომელიც უგოლოდ 0:0 დასრულდა.

19-ე ტურის შეხვედრა განახლებულ „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ გაიმართა, რომელიც მოწესრიგდა. რაც მთავარია, გამოიცვალა მოედნის საფარი, რომელიც მანამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო და ამის გამო, ეროვნული ლიგის მატჩების გამართვის უფლება არ ჰქონდა.

„გაგრა“ საშემოდგომო ეტაპს განახლებული შემადგენლობით და სამწვრთნელო სტაფით შეხვდა. შემადგენლობაში ესტონეთის ნაკრების ყოფილი კანდიდატი ზაქარია ბეგლარიშვილი, ბრაზილიელი მცველი კლაუდინეი, უკრაინელი ნახევარმცველი ვლადისლავ ხომუტოვი და ზამბიის ნაკრებში ნათამაშები თავდამსხმელი, ჯუსტინ შონგა დაიმატეს. ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი, 39 წლის გიორგი ონიანი გახდა.

უგოლო და უფერული პირველი ტაიმის შემდეგ, თამაში ოდნავ გამოცოცხლდა, მაგრამ მაღალი ტემპი თამაში და შეტევის გამწვავება ორივე გუნდს უჭირდა. შესაბამისად, რეალური საგოლე მომენტების შექმნასაც იშვიათად ახერხებდნენ და საბოლოოდ, 0:0 ლოგიკური იყო.

19 ტურის შემდეგ „გაგრა“ 18 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო წყალტუბოს „სამგურალი“ 38 ქულით მეორეადგილოსან „საბურთალოს“ გაუთანაბრდა.