ეროვნული ლიგის სამი გუნდის მოლოდინი - „დილას“, „სამგურალსა“ და „საბურთალოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში უნიკალური ამბავი მოხდა – ათივე გუნდის მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამჟამად ათიდან სამი კლუბი მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი და შემცვლელს ეძებს.
გორის „დილა“ ასრულებს მოლაპარაკებას ევერ ადრიანო დემალდესთან, რომელიც ბერტ ვან მარვეიკისა და მარსელო ბიელსას ყოფილი ასისტენტია. მან ქართული კლუბისგან ოფიციალური შეთავაზება მიიღო. მოლაპარაკება კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის („არგენტინის სახლი საქართველოში“) დამფუძნებელმა და საქართველოში არგენტინული საფეხბურთო სააგენტოს წარმომადგენელმა, ნიკოლოზ პატარქალიშვილმა დაიწყო.
წყალტუბოს „სამგურალიდან“ გიორგი ჭელიძის წასვლის შემდეგ გუნდის ფან-კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მწვრთნელად 48 წლის უკრაინელი ალექსანდრ პოკლონსკის კანდიდატურა განიხილება – ის 2013 წელს „დნიპროს“ 19-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა, ხოლო 2017 წელს მთავარი „დნიპრო” ჩაიბარა.
ომარ თეთრაძე „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი აღარ არის. მისი შემცვლელი ჯერ უცნობია. თუმცა, გუნდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა, ინგლისურ მოდელზე გადავიდნენ, სადაც მწვრთნელი მენეჯერის როლსაც ასრულებს. ამას კი კლუბის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლის იმედს უკავშირებს.