ეროვნული ლიგის საგზური „გაგრამ“ მოიპოვა - პლეი ოფში დამარცხებული „შუქურა“ ლიგა 2-ში დაქვეითდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის საგზური „გაგრამ“ მოიპოვა. პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში გაგა კირკიტაძის გაწვრთნილმა გუნდმა ქობულეთის „შუქურა“ დაამარცხა და ქართული ფეხბურთის მთავარ ლიგას 9-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
პირველი შეხვედრა ქობულეთში ფრედ, 0:0 დასრულდა. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გამართულ განმეორებით მატჩში კი „გაგრა“ მე-7 წუთზე დაწინაურდა. სწრაფი შეტევა ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირმა თამაზ მაქაცარიამ დააგვირგვინა.
„შუქურა“ მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადა, მაგრამ შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმში რეალური საგოლე მომენტი ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ გიორგი ქობულაძე („გაგრა“) და ჯეფერსონ ჯერალდომ და კახა კაკაშვილმა („შუქურა“) ამ შანსებით ვერ ისარგებლეს.
საბოლოოდ, შეხვედრა „გაგრას“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა, გუნდმა ორი მატჩის ჯამში (0:0, 1:0) მოიგო და 2022 წელს ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, ხოლო პლეი ოფში დამარცხებული „შუქურა“ ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა.