ეროვნული ლიგის საფეხბურთო სეზონი დღეს ბათუმში გაიხსნება #1TVSPORT
ეროვნული ლიგის საფეხბურთო სეზონი დღეს ბათუმში გაიხსნება #1TVSPORT

დღეს, პირველ მარტს ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონი იწყება.

პირველი მატჩი „ბათუმი არენაზე“ გაიმართება – მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ ელიტარულ ლიგაში 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, მაგრამ მატჩამდე ორი საათით ადრე ბათუმის „დინამო“ ახალწვეულებს ქომაგების წინაშე წარადგენს.

საქართველოს ჩემპიონატი პირველად 1927 წელს გაიმართა და ბათუმის გუნდმა გაიმარჯვა. 1927 წლიდან 1989 წლამდე შეჯიბრება ტარდებოდა როგორც რეგიონული ტურნირი საბჭოთა კავშირის ფარგლებში.

დამოუკიდებლობის პერიოდიდან, 1990 წლიდან ჩემპიონატის ორგანიზატორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა, გარკვეული პერიოდი კი ტურნირს საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა მართავდა.

პირველი ჩემპიონი 1990 წელს თბილისის „იბერია“ („დინამო თბილისი“) გახდა, რომელიც საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდია – ჩემპიონობა 19-ჯერ იზეიმა. 2017 წლიდან ეროვნული ლიგა გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდა, უმაღლეს დივიზიონში კი ათი კლუბი თამაშობს.

ჩემპიონები

„დინამო თბილისი“ – 19-ჯერ

ქუთაისის „ტორპედო“ – 4

ბათუმის „დინამო“ – 2

„ვიტ ჯორჯია“ – 2

„ზესტაფონი“ – 2

რუსთავის „მეტალურგი“ – 2

„სამტრედია“ – 1

გორის „დილა“ – 1

ბოლნისის „სიონი“ – 1

„საბურთალო“ – 1

 

ეროვნული ლიგა. ტური 1

პარასკევი, 1 მარტი

დინამო ბთ – კოლხეთი 1913

21:00. აჭარაბეთ არენა – ბათუმი

შაბათი, 2 მარტი

იბერია 1999 – თელავი

18:00. დავით პეტრიაშვილი – თბილისი

დინამო თბ – სამგურალი

19:00. დინამო არენა – თბილისი

ტორპედო – სამტრედია

20:00. რამაზ შენგელია – ქუთაისი

კვირა, 3 მარტი

დილა – გაგრა

18:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი