ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ტურნირის ახალი სეზონის პირველმა ტურმა უჩვეულოდ ბევრი ადამიანი დააინტერესა – ჯამში ხუთმა შეხვედრამ 181 300 ნახვა დააგროვა. ეს საშუალოდ ერთ მატჩში 36 200 ნახვას უდრის.
ჯამური მაჩვენებელი ეროვნული ლიგის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდსა და იუთუბ-არხზე მატჩების ნახვების რაოდენობით დაიანგარიშეს. ფეხბურთის ფედერაცია თავიდან თამაშებს მხოლოდ იუთუბ-არხზე აჩვენებდა, მაგრამ ბოლო მაჩვენებლები მეტყველებს, რომ დაინტერესებული პირებისთვის შეხვედრების ელიგის ფეისბუქის გვერდზე ხილვა უფრო მისაღებია და მეტი ნახვაც აქვს.
პირველ ტურში ყველაზე მეტი ნახვა „დინამო თბილისისა“ და „თელავის“ (0:0) შეხვედრამ დააგროვა – იუთუბ-არხზე შეხვედრა 22,614 ადამიანმა იხილა, ხოლო ფეისბუქზე – 39,000-მა, ანუ ჯამში 61 ათასზე მეტმა ადამიანმა.