ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ ბიორნ იონსენი დასახელდა #1TVSORT
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ქუთაისის „ტორპედოს“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ბიორნ იონსენი დასახელდა – საუკეთესოები ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოავლინა.
ეროვნული ლიგის მეორე წრეში ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ხუთი გოლი გაიტანა. სულ საქართველოს ჩემპიონატში მის ანგარიშზე 11 გოლია და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში გორის „დილას“ თავდამსხმელს, ტაირელ ვოუტერსს ორი გოლით ასწრებს.
„ტორპედომ“ ნორვეგიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ზამთარში დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.
იონსენმა საფეხბურთო კარიერა ნორვეგიაში დაიწყო და ორი სეზონი „ვალერენგასა“ და „ტონსბერგში“ გაატარა.
2014 წელს პორტუგალიურ კლუბ „ატლეტიკოსთან“ გააფორმა კონტრაქტი და აგვისტოში სეგუნდა ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა (5 მატჩში 9 გოლი გაიტანა). ამის შემდეგ ფეხბურთელით „ბენფიკა“ და „სპორტინგი“ დაინტერესდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.
ნორვეგიელ ფორვარდს ნიდერლანდების ერედივიზიეში 69 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი. ნიდერლანდებში იონსენი „დენ ჰააგის“, „ალკმაარისა“ და ბოლოს (2022-23 წლებში) „კამბურის“ ღირსებას იცავდა.
2016-2017 წლებში თამაშობდა „ჰართსში“, სადაც შოტლანდიური პრემიერლიგის სეზონი ექვსი გოლით დაასრულა. იყო „როსენბორგისა“ (2019 წელი) და „მონრეალის“ (2021-22) მოთამაშე.
2020 წელს იონსენი სამხრეთ კორეის „ულსან ჰიუნდაისთან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. ასევე მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგა, სადაც 9 თამაშში 5 გოლი გაიტანა.
ორმაგი მოქალაქეობის გამო შეეძლო ეთამაშა როგორც ნორვეგიის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში. მან არჩევანი ნორვეგიის სასარგებლოდ გააკეთა – ნაკრებში მისი დებიუტი 2017 წლის ივნისში შედგა და ერლინგ ჰალანდის გვერდითაც ითამაშა. სულ ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში 16 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი მიითვალა.