ეროვნული ლიგის ლიდერების მატჩში „დილამ“ „ტორპედო“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
22-ე ტური ეროვნული ლიგის ლიდერების შეხვედრით დასრულდა – მეორეადგილოსანმა „ტორპედომ“ ქუთაისში გათამაშების ლიდერს, გორის „დილას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 1:5.
მოგების შემთხვევაში „ტორპედო“ გათამაშების ლიდერს დაეწეოდა, მაგრამ გორელებმა შესანიშნავად ითამაშეს და სტივ კინის გუნდს წარმატების შანსი არ დაუტოვეს.
პირველი გოლი მე-5 წუთზე გავიდა – სტუმართა კონტრშეტევა მეკარესთან პირისპირ გასულმა შოთა შეყილაძემ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.
13-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება ბიორნ იონსენს შეეძლო, მაგრამ ქუთაისელების თავდამსხმელის შესრულებული პენალტი „დილას“ მეკარემ, დავით კერესელიძემ მოიგერია – ეს მისთვის მიმდინარე სეზონში მეოთხე აღებული თერთმეტმეტრიანი იყო.
იონსენმა მიზანს მაინც მიაღწია და მიმდინარე სეზონში მე-12 გოლი გაიტანა – მე-17 წუთზე გორელთა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ამჯერად ზუსტად დაარტყა. ორ წუთში „დილას“ შეტევა აბუბაქარ კონტემ გოლით დაასრულა და პირველი ტაიმი „დილამ“ 2:1 მოიგო.
მეორე ნახევარში ქუთაისელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, მაგრამ საკუთარ კარში კიდევ სამი ბურთი მიიღეს. 70-ე წუთზე „ტორპედოს“ კაპიტანმა, მერაბ გიგაურმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 82-ე წუთზე ტაირელ ვაუტერმა გორელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+2-ე წუთზე ახალგაზრდა მცველმა, ზურაბ რუხაძემ დააფიქსირა.
გორის „დილამ“ 47 ქულა დააგროვა და ქუთაისის „ტორპედოსთან“ სხვაობა ექვს ქულამდე გაზრადა.