ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36-ე ტურის მატჩები დღეს დასრულდება. ერთი მატჩი უკვე ჩატარდა და პირველი ხუთეული დაკომპლექტდა.
ქუთაისის „ტორპედომ“ საჩხერეს „ჩიხურას“ წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა – ორივე გუნდს 44-44 ქულა ჰქონდა და ამ დაპირისპირებაში ირკვეოდა, ხუთეულში რომელი მათგანი მოხვდებოდა.
ანგარიში საჩხერლებმა გახსნეს: ქუთაისელთა კარი თემურ მარკოზაშვილმა მე-15 წუთზე აიღო. 25-ე წუთზე გოლი ქუთაისელთა მცველმა რაფაელ ჩუკვურამ გაიტანა, მაგრამ 48-ე წუთზე დავით მაისაშვილმა „ჩიხურა“ კიდევ ერთხელ დააწინაურა.
საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა – 1:2 „ჩიხურას“ სასარგებლოდ, რომელიც ეროვნული ლიგის საუკეთესოთა ხუთეულში მოხვდა.
„ტორპედომ“ ძალიან რთული სეზონი დაასრულა და მინიმალური ამოცანის გადაჭრა მოახერხა – ლიგაში დარჩა. თუმცა, გასულ სეზონში ორივე გუნდმა ევროსაგზურები მოიპოვა და დასრულებულ ჩემპიონატი ამ გუნდების აქტივში ვერ ჩაიწერება.