ეროვნული ლიგის ცენტრალური მატჩი - მეორე არხზე
ეროვნული ლიგის ცენტრალური მატჩი - მეორე არხზე

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-7 ტური დღეს დაიწყება და 22 აპრილს დასრულდება. ტური აუტსაიდერების მატჩით გაიხსნება – ფოთის “კოლხეთი” თბილისის “ლოკომოტივს” ზესტაფონში შეხვდება. ამ მნიშვნელოვან მატჩამდე კოლხებს საკადრო პრობლემები შეექმნათ: დისკვალიფიკაციის გამო, მათი სამი წამყვანი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს – გიორგი კახელიშვილი, ლაშა გოგონაია და ზურაბ არზიანი.

სანამ ბოლნისის სტადიონზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, “სიონი” საშინაო თამაშებს თბილისში ატარებს. ბოლნისელები 21 აპრილს თბილისის “დინამოს” ვაკეში, ”მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე უმასპინძლებენ. ”სიონი” აუტსაიდერებშია, ”დინამოს” კი “საბურთალოსთან” სამქულიანი ჩამორჩენა აქვს აღმოსაფხვრელი. შაბათს მეორე მატჩი გორში ჩატარდება, სადაც “დილა” “რუსთავს” მიიღებს. სტუმრებს დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი, ცენტარლური მცველი მამუკა კობახიძე დააკლდებათ.

22 აპრილს, საჩხერეს “ჩიხურა” “სამტრედიას” სოფელ ივანწმინდაში მიიღებს. სოსო ფრუიძის გაწვრთნილები წელს საშინაო შეხვედრას პირველად ჩაატარებენ არა თბილისში, არამედ საკუთარ არენაზე.

ტურის ცენტრალური შეხვედრას კი თბილისის ”მიხეილ მესხი” უმასპინძლებს: გათამაშების ლიდერი “საბურთალო” მოქმედ ჩემპიონ “ტორპედოს” დაუპირისპირდება და ლიდერობის განმტკიცებას შეეცდება.

პარასკევი, 20 აპრილი
”კოლხეთი 1913” – ”ლოკომოტივი” (ზესტაფონი – სტადიონი ”დავით აბაშიძე”. 20:00)

შაბათი, 21 აპრილი
”სიონი” – ”დინამო” თბ (თბილისი – სტადიონი ”მიხეილ მესხი 2”. 16:30)
”დილა” – ”რუსთავი” (გორი – სტადიონი ”თენგიზ ბურჯანაძე”. 20:00)

კვირა, 22 აპრილი
”ჩიხურა” – ”სამტრედია” (ივანწმინდა – ცენტრალური სტადიონი. 16:00)
”საბურთალო” – ”ტორპედო” (თბილისი – სტადიონი ”მიხეილ მესხი”. 20:00)

ტურის ცენტრალურ შეხვედრას “საბურთალოსა” და “ტორპედოს” შორის, ტრადიციულად, საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩვენებს: ამ მატჩის რეპორტაჟის ხილვა მეორე არხზე იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება დანარჩენ თამაშებს, მათი ხილვა ეროვნული ლიგის საიტზე შეგიძლიათ.