ეროვნული ლიგის ბომბარდირი „დილას“ თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი გახდა
თბილისის „ლოკომოტივისა“ და გორის „დილას“ შეხვედრაში, რომელიც ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის ბოლო მატჩი იყო, არა მხოლოდ მესამე ადგილის მფლობელი და უეფა-ს ახალ ტურნირზე, კონფერენციის ლიგაზე მონაწილე ირკვეოდა – ამ შეხვედრაში შევიტყვეთ, ვინ გახდა 2020 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.
გორელთა უკრაინელ ლეგიონერს, მიკოლა კოვტალიუკს ბოლო ტურამდე 9 გოლი ჰქონდა გატანილი და ერთი ბურთით უსწრებდა კონკურენტებს, ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველს, ჯაბა ჯიღაურსა და თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელს, ირაკლი სიხარულიძეს.
ჯიღაურმა ბოლო ტურში საჩხერის „ჩიხურასთან“ თავი ვერ გამოიჩინა, ხოლო კოვტალიუკმა და სიხარულიძემ უშუალო დაპირისპირებაში თითო გოლი გაიტანეს. უკრაინელმა თავდამსხმელმა 51-ე წუთზე „ლოკომოტივთან“ პენალტი მოიპოვა, თავად შეასრულა და საკუთარი ანგარიში 10 გოლამდე გაზარდა. „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა მას 10 წუთში ეფექტური გოლით უპასუხა – ირაკლი სიხარულიძე ამის შემდეგ ბევრს ცდილობდა, მაგრამ გორელთა კარი ვეღარ აიღო და სეზონი 9 გოლით დაასრულა.
ამგვარად, 2020 წლის სეზონში ეროვნული ლიგის ბომბარდირი „დილას“ თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი გახდა, ბომბარდირთა სამეული კი ასე გამოიყურება:
1. მიკოლა კოვტალიუკი, „დილა“ – 10 გოლი
2. ირაკლი სიხარულიძე, „ლოკომოტივი“ – 9 გოლი
3. ჯაბა ჯიღაური, „დინამო“ (ბთ) – 8 გოლი