ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის დაჯილდოება 4 დეკემბერს ჩატარდება #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონატის წლის შემაჯამებელი ღონისძიება 4 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება და მას სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“ უმასპინძლებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქამდე გალადაჯილდოებას წლის ბოლო დღეებში მართავდა, სადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელსა და ეროვნული საფეხბურთო ლიგის რჩეულებს ერთად ასახელებდა.
სფფ-ის ცნობით, ამიერიდან ეროვნული საფეხბურთო ლიგის დაჯილდოება განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და ღონისძიებაზე ჯილდოებს მხოლოდ ეროვნული ლიგის ფეხბურთელები მიიღებენ.
2023 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ლიგის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ლიგის ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გამოკითხვაში ჩართულები იყვნენ სპორტული მედიის წარმომადგენლები. წელს პირველად, ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში, სპეციალისტებთან ერთად, გულშემატკივრებიც მონაწილეობდნენ.