ეროვნულ ლიგაში, შესაძლოა, გულშემატკივარი ტრიბუნას დაუბრუნდეს #1TVSPORT
გამორიცხული არაა, უახლოეს პერიოდში ეროვნული ლიგის თამაშებზე გულშემატკივარი დაუშვან – ამის შესახებ ინფორმაციას დაინტერესებული მხარე, ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა დაჯგუფება სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„არის საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა 16 ოქტომბრიდან გულშემატკივარი ტრიბუნების ტევადობის გარკვეული პროცენტით დაბრუნდეს“, – წერს „ჩვენ ვართ ტორპედო“-ს გვერდი.
12 აგვისტოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენციის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვები დააწესა.
ამ შეზღუდვების შესაბამისად, 14 აგვისტოდან სფფ-ის ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატი დროებით შეჩერდა. დადგენილების თანახმად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგის განახლება 4 სექტემბრიდან იგეგმებოდა.
საბოლოოდ, ეროვნული ლიგის სეზონი 23-ე ტურიდან, 12 სექტემბერს განახლდა, ხოლო ეროვნული ლიგა – 2-10 სექტემბერს; 14 სექტემბერს – ლიგა 3, ლიგა 4 და რეგიონული ლიგის მატჩები. მაგრამ შეხვედრები უმაყურებლოდ ტარდებოდა.
სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშება 16 ოქტომბერს განახლდება.