ეროვნული ლიგა | ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა - ბათუმის „დინამო“ ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში 35-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომელმაც მთავარი კითხვები ისევ უპასუხოდ დატოვა.
შაბათი, 26 ნოემბერი
ტორპედო – სიონი 3:0
გოლები: 1:0 მანჯგალაძე (21), 2:0 ახვლედიანი (71), 3:0 კუხიანიძე (84).
გაგრა – დინამო (ბთ) 1:4
გოლები: 0:1 ჯიღაური (24), 0:2 ფლამარიონი (42), 0:3 ჭანტურია (60. საკ. კარში), 1:3 ნოზაძე (62), 1:4 ვაწაძე (85).
თელავი – დილა 1:1
გოლები: 0:1 ბერიაშვილი (14. საკ. კარში), 1:1 მუჯირი (77).
გაძევება: ც. კაპანაძე (30), გომისი (30).
ლოკომოტივი – საბურთალო 0:1
გოლი: 0:1 ი. ტაბატაძე (88)
სამგურალი – დინამო (თბ) 1:1
გოლები: 1:0 ნიქაბაძე (21), 1:1 იმრანი (56)
„დინამო არენაზე“ ბათუმის „დინამო“ „გაგრასთან“ ჯაბა ჯიღაურის გოლით დაწინაურდა. 42-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა მეორე გოლი გაიტანა და, ფაქტობრივად, სტუმრებს გადამწყვეტი უპირატესობა მოუპოვა. საბოლოოდ, ბათუმელებმა მოიგეს და, მართალია, „დინამო თბილისს“ ქულებით ვერ გაუთანაბრდნენ, მაგრამ ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებენ.
დაძაბული გამოდგა „კავკასიონი არენაზე“ „თელავისა“ და გორის „დილას“ დაპირისპირება. მე-14 წუთზე ილია ბერიაშვილის ავტოგოლით გორელები დაწინაურდნენ. 30-ე წუთზე ზედმეტი ემოციებისთვის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ცოტნე კაპანაძე („თელავი“) და ონორე გომისი („დილა“) გააძევა.
მეორე ტაიმში დავით მუჯირმა წონასწორობა აღადგინა და „თელავს“ (36) უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა, რომლითაც გია ცეცაძის გუნდი მე-7 პოზიციაზე დაწინაურდა, რაც ეროვნულ ლიგაში პლეი ოფის გარეშე ადგილის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. ამ მხრივ, საბოლოოდ, ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა.
ასევე ბოლო ტურში გახდება ცნობილი მესამე ადგილისა და ევროტურნირებზე გასული გუნდის ვინაობაც — 3 დეკემბერს გორში, ერთმანეთს „დილა“ და „სამგურალი“ ეთამაშებიან.