ეროვნული ლიგა | წყალტუბოს „სამგურალმა“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 3:1.
შეხვედრა წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ უნდა გამართულიყო, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, მოედნის საფარი მოაწესრიგეს, მაგრამ საბოლოოდ მატჩი წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში ჩატარდა.
თბილისელებმა თამაში კარგად დაიწყეს და 32-ე წუთზე ანგარიში გახსნეს, ოსკარ სანტისის გადაცემით ჯადული იობაშვილმა ისარგებლა და „დინამო“ დააწინაურა. 44-ე წუთზე „სამგურალმა“ წონასწორობა აღადგინა, ბურთი საკუთარ კარში დომინიკ საიმონმა ჩაჭრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმი წყალტუბოელების უპირატესობით წარიმართა და მათ მეტოქის კარში ორი გოლის გატანა მოახერხეს. 49-ე წუთზე მასპინძლები ვინისიუსის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო 66-ე წუთზე თავი დემურ ჩიხლაძემ გამოიჩინა.
„სამგურალმა“ ამ გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა და ეროვნულ ლიგაში მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „დინამო“ (12) მეხუთე ადგილს იკავებს.