ეროვნული ლიგა | „ტორპედომ“ „სამტრედია“ ბოლო წამებზე დაამარცხა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში „სამტრედიას“ უმასპინძლა და ურთულესი დაპირისპირება მხოლოდ ბოლო წამზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო – 2:1.
„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული შეხვედრა „სამტრედიამ“ კარგად დაიწყო – მე-17 წუთზე ჯოზეფ ამოაკმა ეფექტური დარტყმით სტუმრები დააწინაურა.
ქუთაისელებმა წონასწორობა შესვენებამდე აღადგინეს – ეს კი სწრაფი და ლამაზი კომბინაციით მოახერხეს – 33-ე წუთზე ფელიპე პირესმა კარის წინ მომო იანსანე მონახა, მან კი თავით ზუსტად დაარტყა.
„ტორპედომ“ მეორე ტაიმში დიდი ძალებით შეუტია, რეალური საგოლე მომენტებიც შექმნა, მიზანს კი 90+6-ე წუთზე მიაღწია – ლაშა შერგელაშვილმა დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ქუთაისელებმა 19 ტურის შემდეგ 38 ქულა დააგროვეს და ლიდერ გორის „დილას“ (40) მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან, ხოლო „სამტრედია“ (11) ბოლო ადგილზე დარჩა.