ეროვნული ლიგა | „თელავმა“ გორში ქულა ბოლო წამებზე მოიპოვა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 21-ე ტურის პირველი სათამაშო დღე მოულოდნელი შედეგით დასრულდა – ჩემპიონატის ლიდერმა, გორის „დილამ“ „თელავს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.
გორელები სტუმრებს ვერაფერს უხერხებდნენ, მაგრამ 90+1-ე წუთზე, ალეფ სანტოსის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ საქმეში ვიდეორეფერი ჩაერია და ხელით თამაშისთვის „თელავის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გამოიყენა და მასპინძლები დააწინაურა.
„თელავმა“ მოახერხა და არბირტის მიერ დამატებულ დროში წონასწორობა აღადგინა. სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ მარცხენა ფლანგზე თორნიკე მორჩილაძემ კარში დარტყმა სცადა, ბურთი გორელთა მცველს მოხვდა, საჯარიმოში კი ნიკა ყიფიანმა ყველას დაასწრო და პენალტის ნიშნულის სიახლოვიდან ზუსტი დარტყმით „თელავს“ მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.
გორის „დილამ“ 44 ქულა დააგროვა და კონკურენტ ქუთაისის „ტორპედოს“ ექვსი ქულით ასწრებს, მაგრამ ქუთაისელებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „თელავი“ კი 19 ქულით ისევ მე-9 ადგილზეა და აუტსაიდერთა ზონიდან თავის დაღწევა ვერ მოახერხა.
ტურის დარჩენილი მატჩები კვირას და ორშაბათს გაიმართება.
18 აგვისტო, კვირა
თბილისი, „დინამო არენა“
20:00 | „დინამო თბ“ – „ტორპედო“
ბათუმი, „ბათუმი არენა“
21:00 | „დინამო“ (ბთ) – „სამგურალი“
19 აგვისტო, ორშაბათი
თბილისი, „დავით პეტრიაშვილი“
20:00 | „იბერია“ – „სამტრედია“