ეროვნული ლიგის 32-ე ტურში „თელავმა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 3:0.
„კავკასიონი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლები მე-10 წუთზე დაწინაურდნენ – სტუმართა კარში დანიშნული პენალტი „თელავის“ კაპიტანმა, ანტონ თოლორდავამ გამოიყენა. 24-ე წუთზე ფოთელების კარში მეორე ბურთი სერბმა თავდამსხმელმა, დეიან გეორგიევიჩმა გაიტანა.
„კოლხეთს“ სხვაობის შემცირების რეალური შანსი 73-ე წუთზე მიეცა, მაგრამ გაბრიელ ფერეირამ პენალტი ხარიხას მოარტყა. 90+6-ე წუთზე კი „თელავის“ კონტრშეტევა ტატო ჟივიძემ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ მატჩის შემდეგ „თელავის“ ქულათა მარაგი 30-მდე გაიზარდა და მართალია, სატურნირო ცხრილში კვლავ მე-9 ადგილზეა, მაგრამ მე-8 პოზიციაზე მყოფ „კოლხეთთან“ (31) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
32-ე ტურის დარჩენილი ერთი მატჩი 10 ნოემბერს გაიმართება – წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში „სამგურალი“ „გაგრას“ 14:30 საათზე შეხვდება.