„თელავმა“ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.
„კავკასიონი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს – მე-15 წუთზე თელაველთა თავდამსხმელმა, თორნიკე ახვლედიანმა ფოთელების ცენტრალურ მცველს საჯარიმოსთან ბურთი აართვა, კარისკენ დაიძრა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა.
„კოლხეთმა“ წონასწორობა საკმაოდ სწრაფად აღადგინა – გიორგი აბუაშვილი ბურთიანად მეტოქის კარისკენ დაიძრა, მცველები ეფექტური ფინტით ჩამოიშორა, კარიდან ოდნავ წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გოლის ავტორი გახდა.
„თელავი“ ბოლო წუთებზე ხუთმატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას შეეცადა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და 13 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო „კოლხეთი“ (15) მეექვსე პოზიციას იკავებს.