ეროვნული ლიგა | თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ საქართველოს ჩემპიონია! გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „გაგრა“ 2:1 დაამარცხეს და ტიტული მეცხრამეტედ მოიპოვეს. ამ მატჩის პარალელურად, ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ ფრედ 2:2 ითამაშა, საბოლოოდ 77 ქულა დააგროვა, „დინამო თბილისს“ (80 ქულა) ვეღარ დაეწია და ტიტულიც დათმო.
თბილისელები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ და 28-ე წუთზე დავით სხირტლაძის ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნეს. მეორე ტაიმში ულად-ომარ იმრანმა შორეული დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა და დინამოელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 73-ე წუთზე „გაგრამ“ ანგარიშის თამაზ მაქაცარიას გოლით შეამცირა.
საბოლოოდ, „გაგრა“ მე-9 ადგილზე გავიდა და 8 დეკემბერს, ეროვნულ ლიგაში დასარჩენ პლეი ოფში, „სპაერს“ ეთამაშება. ეროვნულ ლიგაში დასარჩენ მეორე პლეი ოფში მერვეადგილოსანი ბოლნისის „სიონი“, რომელმაც ბოლო ტურში „ლოკომოტივი“ 5:2 დაამარცხა, 7 დეკემბერს „სამტრედიას“ შეხვდება.
„თელავმა“ სტუმრად 1:0 მოუგო „საბურთალოს“, შედეგად თელაველებმა ეროვნულ ლიგაში ადგილი გადათამაშების გარეშე შეინარჩუნეს.
ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩის შედეგია უცნობი – დღეს, 16:00 საათზე, გორში, „დილა“ წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება და მესამეადგილოსნის ვინაობაც ამ თამაშის შემდეგ გაირკვევა.