ეროვნული ლიგა სტარტს ქუთაისში აიღებს
ეროვნული ლიგა სტარტს ქუთაისში აიღებს

დღეს ქუთაისში ეროვნული ლიგის მორიგი სეზონის პირველი მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ადგილობრივი ‘ტორპედო’ და გორის ‘დილა’ დაუპირისპირდებიან. ქვეყნის ჩემპიონმა წელს ერთი ოფიციალური თამაში უკვე გამართა და სუპერთასის ფინალში ჩიხურა დაამარცხა. აქედან გამომდინარე, პირველობის სადებიუტო მატჩს ქუთაისელები ამაღლებული განწყობით ხვდებიან.

რაც შეეხებათ გორელებს, შარშანდელი არც თუ სახარბიელო სეზონის შემდეგ, გუნდი წელს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტირებას შეეცდება, რაც საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ დღეს საინტერესო და დაძაბული დაპირისპირების ხილვა გველის. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება პირველი ტურის სხვა მატჩებს, ისინი მომდევნო სამ დღეზეა გადანაწილებული: 3 მარტს საჩხერის ‘ჩიხურა’ ფოთის ‘კოლხეთს’ უმასპინძლებს, 4 მარტს – ‘ლოკომოტივი’ ‘სამტრედიას’ დაუხვდება, თბილისის ‘დინამო’ კი ‘რუსთავს’, ხოლო 5 მარტს პირველი ტური ‘საბურთალოსა’ და ‘სიონს’ შორის დაპირისპირებით დასრულდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ პირველი არხი თბილისის ‘დინამოსა’ და ‘რუსთავს’ შორის 4 მარტს დაგეგმილი თამაშის პირდაპირ რეპორტაჟსაც შემოგთავაზებთ. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.