ეროვნული ლიგა | „სამტრედიამ“ ლიდერი „დილა“ შეაჩერა - „იბერია“ „კოლხეთთან“ დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტური ლიდერებისთვის წარუმატებლად დაიწყო.
პირველი მატჩი „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გაიმართა. აუტსაიდერმა „სამტრედიამ“ გათამაშების ლიდერს, გორის „დილას“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 0:0.
მეორეადგილოსანმა თბილისის „იბერიამ“ კი ფოთის „კოლხეთი“ მიიღო და 0:2 დამარცხდა. ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ ფოთელებმა თამაში შესანიშნავად დაიწყეს და პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.
მატჩის გმირი „კოლხეთის“ კაპიტანი გიორგი მელქაძე გახდა, რომელმაც ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა. ხუთ წუთში „კოლხეთის“ შემტევმა ნახევარმცველმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად შეასრულა და დუბლი გაიფორმა.
შესვენების შემდეგ „იბერიამ“ დიდი ძალებით შეუტია, რეალური საგოლე მომენტებიც შექმნა, მაგრამ მათი რეალიზაცია ვერ მოახერხა და კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ფოთის „კოლხეთმა“ პირველი შეხვედრა მოიგო.
16 ტურის შემდეგ „დილა“ ისევ ერთპიროვნული ლიდერია, „იბერიამ“ (32) კი მისი დაწევის შანსი ვერ გამოიყენა და მეორე ადგილს იკავებს. ფოთის „კოლხეთი“ (18) მე-6 პოზიციაზე გადავიდა, ხოლო ლიდერთან ქულის მოპოვების მიუხედავად, „სამტრედია“ გათამაშების ცხრილის ბოლო ადგილზეა.