ეროვნული ლიგა - „სამტრედიამ“ ხუთი თვის შემდეგ პირველად მოიგო, „სიონი“ აღარ აგებს
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 22–ე ტურის შეხვედრები დასრულდა. გუნდებმა შეტევაში ამჯერადაც ცუდად ითამაშეს – ბოლო ორ თამაშში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა.
თბილისში, „მიხეილ მესხი 2“–ზე ერთმანეთს გათამაშების ორი აუტსაიდერი შეხვდა – „სამტრედიამ“ „კოლხეთს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში, 26–ე წუთზე გავიდა. თავი „სამტრედიას“ უკრაინელმა ლეგიონერმა, იგორ კოშმანმა გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ 5 მარტის შემდეგ ეროვნულ ლიგაში „სამტრედიამ“ პირველად მოიგო.
ბოლო შეხვედრაში გორის „დილამ“ ბოლნისის „სიონი“ „თენგიზ ბურჯანაძეზე“ მიიღო. შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მატჩის 87-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა ბოლნისელთა კაპიტანი ლევან ხმალაძე მოედნიდან გააძევა. საბოლოოდ, ეს დაძაბული თამაში 0:0 დასრულდა. თემურ შალამბერიძის დანიშვნის შემდეგ „სიონი“ ზედიზედ მესამე თამაშია ქულების მოპოვებას ახერხებს. „დილა“ კი უკვე მეოთხე მატჩია, ვეღარ იგებს.
გათამაშებას 53 ქულით „საბურთალო“ ლიდერობს, შემდეგ მოდიან თბილისის „დინამო“ (45 ქულა) და საჩხერის „ჩიხურა“ (38), ბოლო ადგილზე კი „კოლხეთია“, რომელიც „სამტრედიას“ (13) უკვე ხუთი ქულით ჩამორჩა.