საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ლიგაში 32-ე ტური თბილისში გამართული მატჩით დაიწყო. „საბურთალომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მოგება ორივე გუნდისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. ევროსაგზურისთვის მებრძოლმა „საბურთალომ“ სეზონის მეორე ნახევარში პოზიციები დათმო და მეოთხე ადგილზე დაქვეითდა.
„სამტრედიამ“ კი საჭირო მონაკვეთში მოუმატა, ბოლო ადგილი დატოვა და ახლა იმისთვის იბრძვის, რომ გადათამაშებაში მონაწილეობა თავიდან აიცილოს, ის პოზიცია დაიკავოს, რომელიც ეროვნულ ლიგაში ადგილს შეუნარჩუნებს.
შედეგის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თამაში დაძაბული გამოდგა. მატჩის ბოლოს „საბურთალოს“ გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ „სამტერდიის“ მეკარე ლუკა ხარატიშვილმა საიმედოდ ითამაშა და დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
32-ე ტურის შემდეგ „საბურთალომ“ 50 ქულა დააგროვა და მესამეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“ (51) ვერ დაეწია. „სამტრედიამ“ (30) კი მეცხრეადგილოსან „გაგრას“ (29) გადაასწრო, მაგრამ „თელავთან“ (34) ჩამორჩენა მხოლოდ მინიმალურად შეამცირა.