ეროვნული ლიგა | ლევან კუტალიას პოკერით „სამგურალმა“ „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში 32-ე ტური წყალტუბოში გამართული მატჩით დასრულდა. „სამგურალმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და დაძაბული დაპირისპირების შემოტრიალება მოახერხა – 4:2.
„გაგრამ“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და პირველივე ტაიმში „სამგურალის“ კარი ორჯერ აიღო. ანგარიში გიორგი ხარებაშვილმა (მე-14 წუთზე) გახსნა, ხოლო ოთხ წუთში მასპინძლებს გიორგი ლომთაძემაც გაუტანა.
„სამგურალმა“ თამაშის გადარჩენა მაინც მოახერხა. მატჩის გმირი წყალტუბოელების ვეტერანი თავდამსხმელი ლევან კუტალია გახდა, რომელმაც პოკერი შეასრულა. მან 34-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ სამჯერ მოახერხა „გაგრის“ კარის აღება. კუტალიამ მე-60 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მერე (67) პენალტი გამოიყენა, ხოლო 78-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მეოთხე გოლამდე (76) „გაგრის“ ბრაზილიელი მცველი აუგუსტო პორფირიო უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს და სტუმრებმა ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხეს. საბოლოოდ, „სამგურალმა“ 36 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილზეა და მე-7 პოზიციაზე დარჩენილ „გაგრასთან“ (32) უპირატესობა გაზარდა.