ეროვნული ლიგა | „იბერიამ“ „სამგურალი“ სიხარულიძის დუბლით დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 27-ე ტური წყალტუბოში გამართული თამაშით დაიწყო – „სამგურალმა“ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და ბოლო წუთებზე გაშვებული გოლებით დამარცხდა – 3:4.
პირველ ტაიმში „იბერიას“ უპირატესობა გამოიკვეთა და ლევან კორღალიძის გუნდი დაწინაურდა – გიზი მამაგეიშვილმა მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო შეიკნე სილამ (17) მალე სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
ამის შემდეგ „სამგურალი“ გააქტიურდა. ლუკა ხორხელმა პირველ ტაიმში (24) სხვაობა შეამცირა, შესვენების შემდეგ (53) კი წონასწორობა აღადგინა – აღსანიშნავია, რომ წყალტუბოელთა ნახევარმცველმა ბოლო ექვს მატჩში შვიდი გოლი გაიტანა.
59-ე წუთზე ლუკა ხორხელმა საგოლე გადაცემაც მიითვალა, გოლი კი ილია ახვლედიანმა ეფექტური შორეული დარტყმით გაიტანა.
მატჩის გმირი ირაკლი სიხარულიძე გახდა – თბილისელთა გამოცდილი თავდამსხმელი მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა და ჯერ თანაფარდობა (79) აღადგინა, დამატებულ დროში (90+1) კი „იბერიას“ გამარჯვება მოუტანა.
27 ტურის შემდეგ „იბერია“ 52 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა და გორის „დილას“ (51) გადაასწრო. „სამგურალი“ (31 ქულა) კი მე-5 პოზიციაზე დარჩა და „დინამო თბილისთან“ (31) უპირატესობის გაზრდის შანსი ვერ გამოიყენა.